თბილისმა სოხუმს გრიპის 10 000 ვაქცინა გადასცა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 2 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ აფხაზეთს გრიპის 10 000 ვაქცინა გადასცა.
„ამ დილის მონაცემებით, დახარჯულია 160 000 დოზა, მათ შორის, 10 000 დოზა ჩვენ გადავეცით აფხაზეთს“, – განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სულ 235 000 ვაქცინა შეიძინა, ხოლო კერძო სექტორმა დაახლოებით 60 000-70 000 ვაქცინა იყიდა.
ოკუპირებული აფხაზეთის „ჯანდაცვის მინისტრმა“, თამაზ წახნაკიამ განაცხადა, რომ ვაქცინები არა საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ საერთაშორისო ორგანიზაცია UNICEF-მა გაგზავნა. „ვაქცინაციისა და მედიკამენტების საკითხებს სწორედ ის აგვარებს“, – დაამატა მან.
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 122-ით – 6 092-მდე გაიზარდა. 4 002-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 84-ს შეადგენს, აქტიურ შემთხვევათა რიცხვი კი 2 006-ია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)