სოხუმმა ენგურის გამშვები პუნქტი დროებით გახსნა
დღეიდან 10 დეკემბრამდე ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოში მყოფი აფხაზური „პასპორტების“ მფლობელებისა და რეგიონის მცხოვრებთათვის უკან დასაბრუნებლად ენგურის გამშვები პუნქტი გახსნა. ინფორმაციას სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
სოხუმმა აფხაზეთის მკვიდრებს, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონში მუდმივად მცხოვრებ „უცხოელ“ მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს დაბრუნების ნება მხოლოდ იმ შემთხვევაში დართო, თუ ისინი საქართველოს სამედიცინო დაწესებულების მიერ ენგურის ხიდის გადაკვეთამდე არაუგვიანეს 72 საათის წინ გაცემულ კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ.
პანდემიის ფონზე, სოხუმმა ენგურის გამშვებ პუნქტზე შეზღუდვები პირველად 27 თებერვალს შემოიღო. 14 მარტს კი – დანარჩენ საქართველოსთან არსებული ერთადერთი გამშვები პუნქტი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა.
მას შემდეგ, გარდა ამჟამინდელი შემთხვევისა, სოხუმმა ენგურის ხიდზე ე.წ. ჰუმანიტარული დერეფანი ოთხჯერ გახსნა, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა დანარჩენი საქართველოდან აფხაზეთში დაბრუნდა.
პირველად, 26-31 მაისის პერიოდში, დანარჩენი საქართველოდან აფხაზეთში 532, მეორედ, 22-24 ივნისს კი – 1 111 ადამიანი დაბრუნდა. მესამე ჯერზე, 13-17 ივლისს, რეგიონში 1 269, ხოლო მეოთხედ – 5-9 აგვისტოს, აფხაზეთში 1 289 ადამიანი დაბრუნდა. ამასთან, 16 ოქტომბერს სოხუმმა ენგურის გამშვები პუნქტი ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის გახსნა, რომლებიც პენსიებსა და სოციალურ დახმარებებს დანარჩენ საქართველოში იღებენ.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობამ პანდემიის მიუხედავად რუსეთთან მიმოსვლა პირველი აგვისტოდან გახსნა. რუსი ვიზიტორებს რეგიონში შესვლა კოვიდ-19-ის გარეშე შეუძლიათ.
ასევე წაიკითხეთ:
- სოხუმმა ენგურს აქეთ ნამკურნალევი პაციენტებისთვის გამშვები პუნქტი გახსნა
- ოკუპირებული აფხაზეთი საქართველო-რუსეთის საზღვრის კვეთაზე შეზღუდვას ხსნის
- ოკუპირებული აფხაზეთის ხელმძღვანელობაში რუსეთთან მიმოსვლის აღდგენაზე აზრთა სხვადასხვაობაა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)