გიორგი გახარია ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 3 დეკემბერს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც მხარეებმა საქართველოში არჩევნების შემდეგ არსებული ვითარება, კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები და რიგი სხვა საკითხები განიხილეს.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს „აღინიშნა, რომ როგორც ევროპაში, ისე საქართველოში პანდემიისა და ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია ახალი მოწვევის პარლამენტის დროულად და სრულად შეკრება, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება“.
ამავე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე, მათ შორის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით. „პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სჭირდება ევროკავშირში მეტი ფიზიკური ინტეგრაცია, მათ შორის, ეტაპობრივი ინტეგრაცია ერთიან ევროპულ ბაზარზე“, – ნათქვამია პრესსამსახურის პრესრელიზში.
ამავე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომას, რომლის ჩატარებაც ბრიუსელში, 2021 წლის პირველ ნახევარში იგეგმება და ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში.
მთავრობის პრესსამსახურისვე ცნობით, გიორგი გახარიამ ევროკავშირს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)