2 დეკემბერი, 1920 წელი: მთავრობის შემადგენლობა განახლდა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 4 დეკემბერი, N276
ცვლილებები მთავრობაში
მთავრობის თავმჯდომარემ ბატონმა ნოე ჟორდანიამ 2 დეკემბრის სხდომაზე მოახსენა დამფუძნებელ კრებას მთავრობის წევრთა შორის მომხდარ ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმად: სამხედრო მინისტრად ინიშნება ბ-ნი პარმენ ჭიჭინაძე*, სახალხო განათლების მინისტრად და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ ინიშნება გრიგოლ ლორთქიფანიძე**, მიწად-მოქმედების მინისტრათ დაინიშნა დავით ონიაშვილი***.
[*ჭიჭინაძემ პოსტზე შეცვალა გრიგოლ ლორთქიფანიძე, მანამდე, 1918 წლიდან, ჭიჭინაძე შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მოადგილე იყო; **ლორთქიფანიძემ პოსტზე შეცვალა ნოე რამიშვილი, რომელიც შს მინისტრის პოსტზე დარჩა; ***ონიაშვილი იყო დამფუძნებელი კრების წევრი, თფილისის სამაზრო ერობის ხმოსანთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელმაც პოსტზე შეცვალა ნოე ხომერიკი. ხომერიკმა დამფუძნებელ კრებაში განაგრძო მუშაობა და 1921 წლის იანვრიდან, აკაკი ჩხენკელის დასავლეთ ევროპაში რესპუბლიკის ელჩად დანიშვნის შემდეგ კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს. -რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].- ნოე ჟორდანია – მთავრობის თავმჯდომარე,
- გრიგოლ ლორთქიფანიძე – მთავრობის თავმჯდომარის ამხანაგი და სახალხო განათლების მინისტრი,
- ნოე რამიშვილი – შინაგან საქმეთა მინისტრი,
- ევგენი გეგეჭკორი – საგარეო საქმეთა მინისტრი,
- რაჟდენ არსენიძე – იუსტიციის მინისტრი,
- კონსტანტინე კანდელაკი – ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი,
- პარმენ ჭიჭინაძე – სამხედრო მინისტრი,
- დავით ონიაშვილი – მიწად-მოქმედების მინისტრი,
- გიორგი ერაძე – მომარაგებისა და შრომის მინისტრი.
მთავრობის შემადგენლობაში შედიოდნენ და პირდაპირ მთავრობის თავმჯდომარეს ექვემდებარებოდნენ გზათა და ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები. მინისტრთან გათანაბრებული უფლებამოსილება გააჩნდა, მაგრამ მთავრობის წევრად არ ითვლებოდა (ესწრებოდა მთავრობის სხდომებს) სახელმწიფო კონტროლის ხელმძღვანელს პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილს. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].