ბრიტანეთი: „ტალღების მბრძანებლის“ დაბრუნება?
19 ნოემბერს, დიდი ბრიტანეთის თვითიზოლაციაში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თავისი ოფისიდან პარლამენტს გააცნო განზრახვა, მნიშვნელოვნად გაზარდოს თავდაცვისათვის გამოყოფილი ხარჯები.
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ბრიტანეთის თავდაცვის ბიუჯეტი 16.5 მილიარდი ფუნტი სტერლინგით გაიზრდება. ცივი ომის შემდგომ ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტი შეიარაღებული ძალების არსებით ტექნოლოგიურ განახლებასა და მოდერნიზებას მოხმარდება. ბრიტანეთს სურს, დაიბრუნოს ევროპაში წამყვანი საზღვაო ქვეყნის სტატუსი და ჰქონდეს საშუალება, საჭიროების შემთხვევაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს მიაწვდინოს შეჭურვილი ხელი.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
- ბრიტანეთი საქართველოს ახლო მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებშიც. ამდენად, ბრიტანეთის თავდაცვის სისტემის არსებითი განახლება დამატებით საშუალებას წარმოშობს ბრიტანულ-ქართული თავდაცვის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და ახალ, ერთობლივ პროექტებზე ფიქრისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის;
- პრემიერ-მინისტრის ხსენებული ინიციატივის შედეგად, ბრიტანეთი გაიმყარებს აშშ-ს შემდეგ ყველაზე მსხვილი სამხედრო ხარჯების მქონე ქვეყანის სტატუსს ნატოში, რაც გაზრდის მის სამხედრო-პოლიტიკურ როლსა და მნიშვნელობას ალიანსში. ბრიტანეთის მხარდამჭერი ხმა და დახმარება ღირებული იქნება საქართველოსთვის;
- ბრიტანეთის სამხედრო ფლოტის გაძლიერებამ და ევროპაში წამყვანი პოზიციების დაბრუნებამ შესაძლოა, ახალი შესაძლებლობები გააჩინოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის;
- სამხედრო დანახარჯების მნიშვნელოვანი გაზრდა მიზნად ისახავს შეარაღებული ძალებში ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვასა, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერ-შესაძლებლობების განვითარებას, რაც შეიძლება ძალზე პერსპექტიული სფეროები აღმოჩნდეს ბრიტანულ-ქართული თანამშრომლობისთვის.
თავდაცვის დაფინანსების გაზრდის ვალდებულება
ბორის ჯონსონმა პარლამენტს განუცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, იგი თავდაცვის ბიუჯეტის 16.5 მილიარდი ფუნტი სტერლინგით გაზრდას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ მანამდე ბრიტანეთის მთავრობამ უკვე აიღო პოლიტიკური ვალდებულება, ამ მოწვევის პარლამენტის პირობებში, ყოველწლიურად გაზარდოს სამხედო ხარჯები ინფლაციის დონეზე 0.5%-ით მეტად. ორივე ეს ღონისძიება, საერთო ჯამში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის 24.1 მილიარდი ფუნტი სტერლინგით გაზრდილ დაფინანსებას ნიშნავს.
პრემიერ ჯონსონის განმარტებით, გაერთიანებული სამეფო ევროპის მოწინავე სამხედრო-საზღვაო ქვეყანა უნდა გახდეს. საჰაერო ძალები მიიღებენ მაღალტექნოლოგიურ სამხედრო თვითმფრინავებს, ხოლო შეიარაღებული ძალები გაივლიან სრულ მოდერნიზებას. ამასთან, დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის სპეციალური სააგენტოს, ეროვნული კიბერ-უსაფრთხოების ძალებისა (National Cyber Force) და კოსმოსური სარდლობის (Space Command) შექმნა, ასევე პირველი ბრიტანული რაკეტის გაშვება კოსმოსში 2022 წლისთვის. იგეგმება, რომ ამ ცვლილებების შედეგად, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები გადავლენ „ქსელური ბრძოლის“ წარმოებაზე და კიდევ უფრო გააძლიერებენ სპეციალური დანიშნულების ძალებს.
გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება კვლევას: ხელოვნური ინტელექტის, მომავალი თაობის საჰაერო ბრძოლის სფეროებსა და მომავლის სხვა ტექნოლოგიებში.
ზემოხსენებულის გარდა, პარლამენტში სამხედრო დაფინანსების გახარჯვაზე საუბრისას, ბორის ჯონსონმა ზოგიერთი დეტალიც გაამხილა და რამდენიმე მგრძნობიარე მიმართულებაც დაასახელა, კერძოდ კი – საბრძოლო გემებისა და საბრძოლო მანქანების „ამოუწურავი“ ლაზერებით აღჭურვა, 2021 წელს ავიამზიდი „დედოფალი ელიზებეტის“ გაგზავნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ინდოეთის ოკეანესა და აღმოსავლეთ აზიაში, სამეფო საჰაერო ძალების საბრძოლო სისტემების სრული განახლება ხელოვნური ინტელექტისა და დრონების გამოყენებით, ასევე სპეციალური ძალებისა და სხვა სამხედრო შენაერთების სატელიტური ქსელების მომსახურებით უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ, ეს არის ყველაზე მასიური და აგრესიული ინვესტირება ქვეყნის სამხედრო თავდაცვისა და შეკავების სისტემებში.
უსაფრთხოების კონტექსტი
2020 წელი ბრიტანეთისთვის მძიმედ მიმდინარეობს. ქვეყანამ პანდემიის ტალღისას დიდი ადამიანური დანაკარგები გადაიტანა და ახლაც განაგრძობს ეპიდემიის მეორე ტალღასთან ბრძოლას. ქვეყანას კვლავ უწევს მძიმე შეზღუდვებისა და ჩაკეტვის პირობებში ცხოვრება, რაც მწვავე ეკონომიკური სიძნელეების წინაშე აყენებს ქვეყნის ეკონომიკასა და მის ბიუჯეტს. ბრექსიტის პროცესი კვლავაც შფოთიანად მიდის.
ნიშანდობლივია, რომ სწორედ ასეთი ძნელბედობის ჟამს გადაწყვიტა მისი უდიდებულესობის მინისტრთა კაბინეტმა შეიარაღებული ძალების ისეთი მოდერნიზება, რომელიც „თაობაში ერთხელ“ თუ ხდება.
პრემიერმა ჯონსონმა პარლამენტს განუცხადა, რომ „საერთაშორისო მდგომარეობა ახლა უფრო საშიში და დაძაბულია, ვიდრე ოდესმე დროს ცივი ომის შემდეგ“. მისი თქმით, „ყველაფერი რასაც ვაკეთებთ ქვეყანაში – თითოეული სამუშაო ადგილი, თითოეული ბიზნესი, ისიც კი თუ როგორ დავდივართ საყიდლებზე და რას შევექცევით – დამოკიდებულია გლობალური უსაფრთხოების საბაზისო მინიმუმის არსებობაზე“.
გამოსვლაში პრემიერ ჯონსონს არ დაუსახელებია კონკრეტული საფრთხეები და სახელმწიფოები, რომელთაც პანდემიის ხახაში ჩავარდნილ ბრიტანეთს თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი გაზრდა აიძულეს.
თუმცა, ბრიტანეთის ხელისუფლება არ მალავს, რომ ტრადიციული საფრთხეების გარდა, როგორებიცაა ტერორიზმი, რადიკალიზმი და სხვა, დღეის მდგომარეობით, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, მის მთავარ მოწინააღმდეგეებს წარმოადგენენ რუსეთი და ჩინეთი, ასევე ამ ქვეყნებთან დაკავშირებული არასახელმწიფო აქტორები.
ჯერ კიდევ ოქტომბერში, MI5-ის უფროსმა ღიად განაცხადა – „თუ შემეკითხებით: რომელი ქვეყნის სამსახურებმა შექმნეს ყველაზე დიდი დაძაბულობა დიდი ბრიტანეთისთვის დღეის მდგომარეობით, პასუხი ერთია – რუსეთი. თუმცა, თუკი მკითხავთ, რომელი სახელმწიფო განაპირობებს გადამწყვეტ ცვლილებებს მსოფლიოში უახლოეს ათწლეულში, როგორც ახალი შესაძლებლობების, ისე ახალი გამოწვევების მხრივ, ჩემი პასუხი იქნება – ჩინეთი“. ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევს, რომ თუკი რუსეთი ზოგჯერ ამინდს აუარესებს, ჩინეთი კლიმატს ცვლის.
რუსეთის კვალი
ზოგადად, ბრიტანეთის თავდაცვის სისტემის გადახედვისა და დანახარჯების გაზრდის კონტექსტში, რუსეთის განმსაზღვრელი ფაქტორი ძირითადად განპირობებულია მისი სამხედრო-საჰაერო, კოსმოსური, საზღვაო თუ წყალქვეშა ფლოტის გაზრდილი შესაძლებლობებითა და პროვოკაციული აქტიურობით.
ბრიტანეთის რუსეთთან ურთიერთობები გაუარესების მორიგი ტალღა 2018 წლის მარტში მამა-შვილი სკრიპალების სოლისბერიში მოწამვლას მოჰყვა. მას შემდეგ ლონდონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა სულ უფრო უარესდება. ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურებზე დაყრდნობით, რუსეთი მტრული სადაზვერვო საქმიანობით, კიბერ-თავდასხმებისა თუ დეზინფორმაციული კამპანიების საშუალებებით ცდილობს სამეფოს დემოკრატიის დასუსტებას.
ამასთან, რუსეთი განაგრძობს ბრიტანეთის გამოწვევას საჰაერო სივრცესა თუ ტერიტორიულ წყლებში შემოჭრის ან მათ სიახლოვეს დემონსტრაციული მანევრირებით. აგვისტოში სამეფო საზღვაო ფლოტისა და ნატო-ს ძალებმა ცხრა რუსული სამხედრო გემი გააძევეს ბრიტანეთის ტერიტორიული წყლებიდან.
ყველაფერთან ერთად, აგვისტოში, რუსეთმა კიდევ ერთხელ უარყოფითად შეახსენა თავი ბრიტანეთს და მის პარტნიორებს კოსმოსში იარაღის ტიპის რაკეტის პროვოკაციული გამოცდით, რომელიც კოსმოსის მშვიდობიანი გამოყენების პრინციპს ემუქრება, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბრიტანეთისათვის.
ჩინეთის სისტემური გამოწვევა
რაც შეეხება ჩინეთს, მიმდინარე წლის ივლისიდან ლონდონსა და პეკინს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა, რაც ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლითაც მან ჩინური კომპანია „ჰუავეი“ (Huawei) ახალი თაობის 5G მობილური ინტერნეტის ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესს ჩამოაშორა. ამასთან, ბრიტანულ -ჩინური ურთიერთობების გაუარესებას ხელს უწყობდა ჰონკონგის ირგვლივ არსებული მდგომარეობა. თუმცა, ჩინეთი „ჰუავეის“ გარიყვისა და ჰონკონგის კრიზისამდეც იქცევდა მისი უდიდებულესობის მთავრობის მზარდ ყურადღებას, რასაც ჩინეთის შეტევითი სამხედრო და ტექნოლოგიური პოტენციალის სერიოზული გაძლიერება განაპირობებდა.
რა მოხდება ახლა:
როგორც ჩანს, გახანგრძლივებული ბრექსიტის, პანდემიისა და ეკონომიკური ძნელბედობის მიუხედავად, ბრიტანეთის ხელისუფლება ფხიზლად ადევნებს თვალს უსაფრთხოების საერთაშორისო მდგომარეობას და ყველანაირად შეეცდება საკუთარი ისტორიული გავლენის აჩრდილს დაეწიოს.
ბორის ჯონსონის მთავრობა მშვენივრად აცნობიერებს, რომ „გლობალური ბრიტანეთის“ პროექცია უკვე მოძველებული, კონვენციური შეიარაღებული ძალებით, საშუალებებითა და ტაქტიკებით რთული იქნება, თუ საერთოდ შეუძლებელი არა.
ალბათ ამიტომაც, სრული ტემპით გრძელდება თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ახალ სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობა, რომელმაც უნდა განსაზღვროს ბრიტანეთის ახალი მიდგომები თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ახალმა, გაზრდილმა თავდაცვის ხარჯებმაც სწორედ ამ დოკუმენტში ასახულ ხედვებსა და გეგმებს ფინანსურად უნდა შეასხას ხორცი.
ბრიტანეთი გეგმავს საკუთარი თავდაცვისა და შეკავების პოტენციალი უკეთ მოარგოს რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე ახალ საფრთხეებს, რაც ასევე გამოიწვევს ტრადიციული სამოქმედო არეალების ცვლილებასაც – როგორც გეოგრაფიულად, ისე თემატურად.
საქართველოსა და კავკასიის ადგილი
ის, თუ რა ადგილს დაიკავებს საქართველო და კავკასიის მღელვარე რეგიონი „გლობალური ბრიტანეთის“ ახალ კონცეფციაში, ნათლად გამოჩნდება თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინტეგრირებულ მიმოხილვაში, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში უნდა გამოქვეყნდეს.
ალბათ, ქართული მხარის მარიფათზეც იქნება დამოკიდებული გამოკვეთავს თუ არა ამ მოდერნიზებისა და რეფორმირების პროცესში მყოფ ბრიტანეთთან საქართველო თანამშრომლობის ახალ, საინტერესო სფეროებსა და ერთობლივი პროექტების კონტურებს.