ეუთოს თავმჯდომარეები საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ
სლოვაკეთის, ალბანეთის, შვედეთის, პოლონეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც ეუთოს წინა, მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეები არიან, მინისტრთა საბჭოს 27-ე შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში „ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის გაუარესების გამო“ შეშფოთებას გამოხატავენ.
5 დეკემბრით დათარიღებულ განცხადებაში ხსენებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა – ივან კორჩოკმა, ედი რამამ, ან ლინდემ, ზბიგნევ რაუმ და ნიკოლა დიმიტროვმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, „მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
„გამოვხატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმართ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის საქმეში. ჟენევის დისკუსიები ამ კუთხით მთავარ საერთაშორისო პლატფორმად რჩება“, – განაცხადეს მინისტრებმა და დასძინეს, რომ ეუთო მზად არის კვლავაც უხელმძღვანელოს ფორმატს ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად.
ეუთოს მინისტრთა საბჭოს 27-ე შეხვედრა, რომლის გამართვაც ალბანეთში იგეგმებოდა, კორონავირუსის პანდემიის გამო 3-4 დეკემბერს ვიდეოფორმატში ჩატარდა.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველო ეუთოს მინისტრთა საბჭოს განცხადებებში
- ზალკალიანი ეუთოს მინისტერიალზე: „რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებები საგანგაშოა“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)