ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი გაიმართა
ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის 7 დეკემბერს საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების – კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის შუამავლობით მოლაპარაკების რიგით მესამე რაუნდი გაიმართა.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი ახალი პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა და პოლიტიკურმა ლიდერებმა გარკვეულ საკითხებზე პოზიციების დაახლოება შეძლეს. თუმცა, რამდენიმე პრინციპული საკითხი, მათ შორის, ახალი არჩევნების ჩატრება კვლავაც სადავო საკითხად რჩება.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებები ქვეყანაში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად იმართება. რვავე ოპოზიციური პარტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ახალ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამასთან, ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირებასა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებას ითხოვს.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დაახლოებით 5 საათიან შეხვედრას ამჯერად მმართველი გუნდიდან, მე-9 მოწვევის პარალმენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა.
დღევანდელ შეხვედრას ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმებისკენ კიდევ ერთი „წინგადადგმული ნაბიჯი“ უწოდა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა „პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას, [ასევე] ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შემდგომ გრძელვადიან თანამშრომლობას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება“.
თალაკვაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ქართული ოცნება „განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვერსიას, მათ შორის, პლებისციტს არ განიხილავს“. ამის შემდეგ, მან მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს შეხვედრების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო შეხვედრაზე პოზიციების ისე შეჯერება მოხერხდება, რომ „შესაძლებელი გახდება შეთანხმება, მისი გაფორმება“ და პარლამენტის მრავალპარტიულ ფორმატში მუშაობის გაგრძლება.
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოზიციების დაახლოების იმედი, ოცნების აღმასრულებელმა მდივანმაც გამოთქვა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა იმოქმედოს არა „დათმობების პრინციპით“, არამედ იმ „იმ პრინციპით, თუ რა სჭირდება ქვეყნის სწორ განვითარებას“.
ის, რომ ქართული ოცნება ახალი არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს, ირაკლი კობახიძემაც კიდევ ერთხელ გაიმეორა. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, რომელთა შეჩერებასაც ოპოზიცია ითხოვს, კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ მმართველ გუნდს „ამასთან დაკავშრებითაც [აქვს] ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ ასეთი საქმეები უნდა გამოიძიონ და შეისწავლონ შესაბამისმა ორგანოებმა“.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებზე, რაც ახალი არჩევნების ჩატარებას, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებას გულისხმობს, „კომპრომისი სამწუხაროდ არ ჩანს“. მისივე თქმით, „თუ მოლაპარაკებები არ შედგა, ჩვენი სახელმწიფო აღმოჩნდება ძალიან მძიმე დღეში“.
ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით კი, შეხვედრაზე იყო „გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა“, თუმცა მისივე თქმით, კვლავაც „დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც [ოპოზიციისა და მმართველი გუნდის] პოზიციები ერთმანეთთან ვერ დაახლოვდა“.
„გარკვეულ საკითხებზე“ პოზიციების დაახლოების მიუხედავად, ძირითად პუნქტებზე ოპოზიცისა და ხელისუფლების პოზიციებს შორის, რომ „მნიშვნელოვანი განსხვავებები“ კვლავაც რჩება, ეს სტრატეგია აღმაშენებლისა და ლელოს ლიდერებმა – გიორგი ვაშაძემ და ბადრი ჯაფარიძემაც აღნიშნეს.
„ოპოზიცია რჩება ბოიკოტის რეჟიმში, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა“, – თქვა შეხვედრის შემდეგ, გირჩის ერთ-ერთმა ლდიერმა ზურაბ ჯაფარიძემ. იგივე გაიმეორა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმაც აღნიშნა.
მოლაპარაკების მესამე რაუნდამდე სამი დღით ადრე, 4 დეკემბერს, ოპოზიციის ლიდერები ფასილიტატორ ელჩებს შეხვდნენ და მათ საკუთარი მოთხოვნები წერილობით გადასცეს. მედიის ცნობით, ოპოზიცია მმართველ გუნდს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ ოთხპუნქტიან გეგმას სთავაზობს – ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და მათი საქმეების დახურვა; ახალი საპარლამენტო არჩევნების 2021 წელს ჩატარება ან არჩევნების ჩატარების შესახებ პლებისციტის დანიშვნა; ყველა მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარება; ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის გადადგომა და მისი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საიას“ მიერ ნომინირებული კანდიდატით ჩანაცვლება.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 12 ნოემბერს გაიმართა. მეორედ მხარეები 14 ნოემბერს შეხვდნენ. პოლიტიკური ლიდერების განცხადებით, მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი, სავარაუდოდ, ხვალ – 8 დეკემბერს გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)