ნოე რამიშვილის ბრძანებით ეროვნულ-დემოკრატების გაზეთი „საქართველო“ დროებით დაიხურა

გაზ. ახალი საქართველო, 1920 წლის 11 დეკემბერი, N1

გაზეთ „საქართველოს“ დახურვა

გუშინ, ნაშუადღევის 2 საათზე გაზეთ „საქართველოს“ რედაქციაში გამოცხადდა განსაკუთრებული რაზმის უფროსის [მექი კედიას] თანაშემწე, თავის აგენტების თანმხლებით და რედაქციას წარუდგინა შინაგან საქმეთა მინისტრის მდივნის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, შემდეგი შინაარსის:

განსაკუთრებული რაზმის უფროსს

თანახმად შინაგან საქმეთა მინისტრის წერილობითი ბრძანებისა, დაუყოვნებლივ დახურეთ და დაბეჭდეთ გაზეთ „საქართველოს“ რედაქცია და კანტორა.

მინისტრის ასეთი განკარგულება გამოწვეულია „საქართველოს“ N170-ში მოთავსებული წერილით, რომელშიაც დაგმობილია რესპუბლიკის მთავრობის ზომა, მიმართული მონასტრებში დაგროვილი ერის სამკვიდრებელის უკეთ დაცვისა, და რომელშიც ხალხს მოუწოდებენ გამოსვლებისთვის მთავრობის (?) წინააღმდეგ“.

მინისტრის ბრძანება სისრულეში იქნა მოყვანილი.

„ახალი საქართველოს“ კანტორისაგან

გაზ. „ახალი საქართველოს“ რედაქცია აუწყებს გაზ „საქართველოს“ ხელმომწერებს, რომ დახურულ გაზეთის კანტორასთან შეთანხმებით, მათ გაეგზავნებათ გაზ. „ახალი საქართველო“.

[გაზეთის დახურვის მეორე დღესვე „საქართველოს“ რედაქციამ გამოსცა ახალი გაზეთი „ახალი საქართველო“, ხოლო 17 დეკემბერს გაზეთ „საქართველოს“  გამოცემა განახლდა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].