ევროკაშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში პოსტსაარჩევნო ვითარებაზე
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭომ 7 დეკემბერს, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არჩევნების შემდგომ შექმნილი პოლიტიკური ჩიხი და მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები განიხილა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „დროა, ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიჩინონ ლიდერობა და პარლამენტში წარმომადგენლობა უზრუნველყონ“.
გამოთქვა რა იმედი, რომ „ქართული ოცნების ბოლო შეთავაზება კომპრომისისთვის კარს გააღებს“, ევროკავირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმირების თვალისაზრისით წინსვლასა და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დაძლევაში პარლამენტის მუშაობის საჭიროებას გაუსვა ხაზი.
8 ოპოზიციური პარტია, რომელთაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. ისინი ახალი არჩევნების ჩატარებას, ასევე ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებას ითხოვენ.
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე, 7 დეკემბერს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში უკვე მესამედ შეიკრიბდნენ და გარკვეულ საკითხებთან მიმართებით, პოზიციების დაახლოებაც შეძლეს. ოპოზიციის განცხადებით, მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ახალი არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმება კვლავაც ვერ მოხერხდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)