კარლ კაუცკის მილოცვა სახალხო გვარდიისადმი

გაზ. ერთობა, 1920 წლის 12 დეკემბერი, N284

ძვირფასო ამხანაგებო!

მოგილოცავთ თქვენი ორგანიზაციის დაარსების მესამე წლის თავს. ის, თუმცა ნორჩია, მაგრამ უკვე სასახელო წარსული გაუვლია, თქვენ მიერ მოხვეჭილი სახელი განსხვავდება სხვა სამხედრო ორგანიზაციის სახელისაგან; ეს უკანასკნელნი ემსახურებიან სისხლის ღვრის და განადგურების საქმეს, თქვენ – კი იცავთ განადგურებისაგან ადამიანის სიცოცხლეს და საკაცობრიო კულტურას.

თქვენი ორგანიზაცია დაიბადა უსაშინლესი ომის მიწურულში. მოსალოდნელი იყო, რომ ომს ხანგრძლივი მშვიდობიანობის ხანა მოჰყვებოდა. თქვენი ქვეყნის პოლიტიკაც ღრმა მშვიდობიანობის მისწრაფებით იყო გამსჭვალული. მაგრამ ომის ალი უფრო ფართოვდებოდა თქვენს ირგვლივ, ემუქრება, რომ კვლავ მოედება გაჭირვებაში მყოფს თქვენს სამშობლოს. გაანადგურებს მას, ან, ყოველ შემთხვევაში, მის ისედაც გაჭირვებულ მდგომარეობას კიდევ უფრო გაამწვავებს.

აი ეხლაც თქვენს საზღვრებზე კვლავ მოგროვილან შავი ღრუბლები და ვინ იცის, რა წამს მოგიწოდებს თქვენს ქვეყანა, რომ გასწიროთ თქვენი სიცოცხლე მისი დამოუკიდებლობისათვის და დაიფაროთ იგი გამანადგურებელი ურდოთა შემოსევისაგან.

თქმა არ უნდა, თქვენ შეასრულებთ თქვენს მოვალეობას და არ დაერიდებით არავითარ მსხვერპლს, რომ ყოველივე უბედურება ააცილოთ თქვენს ქვეყანას. მაგრამ თქვენ არ ელტვით ომს, თქვენ იცით რა ძვირფასი რამაა მშვიდობიანობა. განსაკუთრებით ძვირფასია ის ეხლა. ვინაიდან თქვენი ქვეყნის მთელი საშინელი გასაჭირი არის მხოლოდ ომისა და იმ გარემოების შედეგი, რომ თქვენს საზღვრებთან ომი და სამოქალაქო ბრძოლა არ ცხრება, თქვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას აფერხებს და მას საომარ სამზადისის მძიმე ტვირთს აკისრებს.

სწორედ რომ უტიფრობაზე მეტად უნდა ჩაითვალოს, როცა ისინი, ვინც მათ მიერ წარმოებულ ომიანობის პოლიტიკით თქვენს გასაჭირს ამწვავებენ, ცდილობენ ამ გასაჭირით ისარგებლონ, რათა ძირი გამოუთხარონ თქვენ მთავრობას და ახალი ომის და სამოქალაქო ბრძოლის გზით აღგიქვამენ თქვენთვის პურის, ტანსაცმელის, თბილი ბინების მონიჭებას. ნამდვილათ კი თქვენ ამ გზით წაგერთმეოდათ ის პურიც, ტანსაცმელიც და ბინაც, რაც ახლა გაგაჩნიათ.

და ამიტომ კრულვა და შავი ზიზღი ყოველსავე ძალას, რომელიც ასე მშვიდობიანად განწყობილ საქართველოს გარედან ომით და შიგნით სამოქალაქო ომით ემუქრება.

მშვიდობიანობა და კვლავ მშვიდობიანობა! აი რა უნდა იყოს ჩვენი ლოზუნგი. მაგრამ არა მშვიდობიანობა რა ფასადაც უნდა დაგვიჯდეს იგი, არამედ მშვიდობიანობა და თავისუფლება; და არასოდეს ლაჩრული დამორჩილება ძლიერ მომხდურისათვის, ძალადობაზე დაყრდნობილ დესპოტიისათვის. როგორც ომი ისევე დამღუპველი და გამანადგურებელი თვითმყრობელობა სულ ერთია, იქნება ეს დინასტიის თუ პარტიული კომიტეტის თვითმპყრობელობა. თავისუფალმა საქართველომ კვლავ აღარ უნდა განიცადოს დესპოტიზმის ბორკილი და მით უმეტეს აღარ უნდა განიცადოს უცხო, დამპყრობელ დესპოტიზმის ბორკილი.

თუ დაიცავით მშვიდობიანობა და თავიდან აიცილეთ უცხო მპყრობელი, მაშინ თქვენ შექმნით ისეთ პირობებს, რომელშიაც შეგეძლებათ წარმატებით იმუშაოთ წინანდელ ომის და წინანდელ დესპოტიზმის შედეგების მოსასპობათ, – იმ შედეგების, რომელთაც გამოიწვიეს  თქვენი ეხლანდელი გასაჭირი.

და მე გისურვებთ თქვენ, მე უსურვებ თქვენ ქვეყანას, რომ ეს ასრულებულიყოს, რომ თქვენს დანიშნულებათ გამხდარიყოს არა საომარი, არამედ სამშვიდობო საქმენი.

ძმური სალამით, თქვენი მოხუცი ამხანაგი – კარლ კაუცკი.