საქართველო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სახელმწიფო თავდაცვის ანტიკორუფციულ ინდექსში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – თავდაცვა და უსაფრთხოებამ“, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გლობალური მოძრაობის ნაწილია, 9 დეკემბერს „სახელმწიფო თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსის“ (GDI) 2020 წლის კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოსაც მოიცავს და რეგიონის 15 ქვეყანაში თავდაცვის სფეროს მმართველობის ხარისხსა და ეფექტურობას აფასებს.
რეიტინგში, სადაც 100 ქულა კორუფციის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აღნიშნავს, საქართველოს 60 ქულა აქვს, რითაც ქვეყანა თავდაცვის სფეროში „კორუფციის საშუალო რისკის კატეგორიაში“ ხვდება.
დოკუმენტის თანახად, საქართველოს თავდაცვის სექტორი, ზოგადად, ექვემდებარება კონტროლსა და გამჭირვალობის საკმაოდ მაღალ სტანდარტებს, მათ შორის, ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფის მხრივ, თუმცა „კორუფციის რისკები კვლავ რჩება და საპარლამენტო ზედამხედველობის ხარისხი დაბალია, ხოლო კანონპროექტების უმეტესობა შესწორების გარეშე, ან მხოლოდ ტექნიკური ცვლილებებით მიიღება“.
ანგარიშის თანახმად, სხვა გამოკვლეული ქვეყნების უმრავლესობასთან შედარებით, საქართველოში პარლამენტის თავდაცვის კომიტეტსა და სხვა საზედამხედველო ორგანოებს „თავდაცვის პოლიტიკის შემუშავებაზე“ უფრო დიდი გავლენა აქვთ და უკეთ უზრუნველყოფენ მათდამი აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გაცემული რეკომენდაციების თავდაცვის სამინისტროს მიერ თანმიმდევრული შესრულება „კვლავ გამოწვევად რჩება“.
შეფასების შედეგად რამდენიმე პრობლემური კომპონენტიც გამოიკვეთა, რაც ქვეყნის სახელმწიფო თავდაცვის სისტემას კორუფციისადმი მოწყვლადს ხდის. ესენია: ანტიკორუფციული მექანიზმებისა და საპარლამენტო ზედამხედველობის სისუსტე, სახელმწიფო შესყიდვების გაუმჭვირვალე პროცედურების გამოყენება, მამხილებელთა არასათანდო დაცვა და ბიუჯეტის არასაკმარისი გამჭვირვალობა.
დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების გაუმჭვირვალე პროცედურები კორუფციის რისკს ქმნის, ვინაიდან 2015-2017 წლებში თავდაცვის სამინისტრომ შესყიდვების ბიუჯეტის მხოლოდ 25% დახარჯა შესყიდვების ღია და კონკურენტული პროცედურებით.
დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სისტემაში არსებობს მხილების შიდა მექანიზმები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელ მამხილებლებზე არ ვრცელდება კანონით გათვალისწინებული დაცვის გარანტიები.
შედარებისთვის, საქართველოს ორი მეზობელი – სომხეთი და აზერბაიჯანი, თავდაცვის სფეროში კორუფციის „მაღალი რისკისა“ და „კრიტიკული რისკის“ კატეგორიებში მოხვდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)