თფილისში სახალხო გვარდიის დღე იზეიმეს

გაზ. ერთობა, 1920 წლის 14 დეკემბერი, N285

სახალხო გვარდიის დღე

თფილისი

არის ორი დიადი დღე საქართველოს დემოკრატიის ბრძოლის ისტორიაში: 26 მაისი და 12 დეკემბერი. ეს ორი დღე აღნიშნავს ორ დიდ ეტაპს ჩვენ მიერ განვლილ გზისას და ისინი ძვირფასია საქართველოს ხალხისათვის, როგორც ძვირფასია მისთვის ყველა, წარსულ ბრძოლაში გაღებული მსხვერპლი, როგორც ყველა ნათელი იმედები მომავლისა.

და სანამ იარსებებს საქართველო, მანამდის ეს დღეები იქნება მისთვის დღესასწაულის და ზეიმის დღეები.

12 დეკემბრის დღე არის პირველად ყოვლისა რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალთა დღესასწაული, რადგანაც ამ დღეს მიიღო პირველი ბრძოლის ნათლისღება იმ პატარა მუშათა რაზმმა, რომელიც იყო ჩანასახი როგორც სახალხო გვარდიისა, ისე ჯარისა. ამ დღეს, რესპუბლიკის დემოკრატია, საქართველოს ხალხი ახდენს თავის შეიარაღებულ ძალების გასინჯვას აღნიშნავს ხოლმე გვარდიისა და ჯარის ორგანიზაციის და ნაციონალურ თავდაცვის საქმეში წარმატებებს.

და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 12 დეკემბრის მესამე წლის თავი სიხარულით და იმედით აღავსებს ჩვენს სულს და გულს.

დილიდანვე ჩვეულებრივი სადღესასწაულო  ელფერი ადევს ყველაფერს: სახლები მორთული ნაციონალური და წითელი დროშებით, დაწესებულებებს ამშვენებს სახელმწიფო ღერბები და გრილიანდები, ბევრ ადგილას ფრიალებს წითელი პლაკატები წარწერით „გაუმარჯოს სახალხო გვარდიას და ჯარს“. მიუხედავათ სიცივისა, ხალხმა დილიდანვე გაავსო რუსთაველის პროსპექტი.

დილის 10 საათიდანვე იწყეს მოსვლა გვარდიისა და ჯარის ნაწილებმა, მხიარული, ახალგაზრდა სახეებია, გაბედული ნაბიჯი, მშვენიერი გაწვრთნა კარგი შეხედულება. გვარდია და ჯარი მწკრივდებიან ქუჩის ორივე მხარეზე, დამფუძნებელი კრების შენობიდან დაწყებული ვერის დაღმართამდე. წარმოდგენილი იყო შეიარაღებული ძალის ყველა სახე. მოდიან წითელი დროშებით მუშათა რაზმები და მწკრივდებიან მუშათა სასახლიდან [დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტი“ – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] დამფუძნებელ კრებისაკენ. ინტერნაციონალის, სამხედრო მარშის და ნაციონალური ჰიმნის ხმები ერთმანეთში ირევა.

გვარდიელები, ჯარისკაცები და მუშები მხურვალე ტაშის ცემით ეგებებიან სასახლისაკენ მომავალ კარლ კაუცკის.

12 საათზე სასახლეში, მთავრობის თავმჯდომარის კაბინეთში იკრიბებიან უცხოეთის მისიების წარმომადგენლები მოსჩანს ანგორის წარმომადგენლის კაიზიმ-ბეის ახოვანი ფიგურა, წითელი ვარსკვლავით და ნახევარ მთვარით შემკობილი.

პირველ ნახევარზე სასახალიდან ნოე ჟორდანიას მეთაურობით გამოდიან მთავრობისა და სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრები და მიდიან გვარდიისა და ჯარის ნაწილებისაკენ.

ერთსულოვანი და ცხარე პატივისცემით ეგებებიან ჯარისკაცები, გვარდიელები და მუშები ნოე ჟორდანიას და მის გვერდით მდგომ კარლ კაუცკის.

ჯარების რიგების შემოვლის და მისალმების შემდეგ მთავრობა და შტაბი ავიდნენ ესტრადაზე დამფუძნებელი კრების სასახლის წინ. ერთი საათის განმავლობაში  მათ წინ ცერემონიალურ მარშით გაიარეს გვარდიამ და ჯარმა.

პირველათ მოდის გვარდია. ის ვინც იცნობს ჩვენ გვარდიას მის დაარსების პირველ დღიდანვე, ის ვინც ადევნებდა თვალს მის ზრდას და განვითარებას, და უყვარს იგი, მას არ შეუძლია ღრმა სიხარულის და აღტაცების გრძნობით არ უყუროს მის წინ განვლილ სწორ რიგებს, ამ სერიოზულ და ამასთანავე მხიარულ სახეებს. რა შედარებაა იმასთან, რაც იყო 3 და გინდ 2 წლის წინათ! არ არის არავითარი უთავბოლობა. ნასახიც კი არ არის თავაშვებულობისა. ეს მძლავრი სამხედრო ძალაა, მაგრამ ამავე დროს მან თავის გარეგან შეხედულებაშიც შეინარჩუნა ყოველივე ის, რაც მას ანსხვავებს და ყოველთვის განასხვავებს რეგულიარულ ჯარისაგან, რაც  ძნელი გამოსახატავია სიტყვებით, მაგრამ ადვილათ შეინიშნება მაყურებელისაგან; შინაგან თავისუფლებას, და რომელსაც იგრძნობს ადამიანი სწორ სამხედრო გამართვაში.

გაატარეს ორი პატარა ზარბაზანი, შემკული წითელი არშიით. ეს 1917 წლის 12 დეკემბრის გმირები არიან. და ეს იყო მაშინ მთელი არტილერია გვარდიისა.

გვარდიას მოჰყვება ჯარის ნაწილები. აქაც დიდი, განუზომელი პროგრესია წარსულთან შედარებით. ცოტაა იმის თქმა, რომ ისინი კარგად მიდიან. მწყობრი და სწორი რიგები ახალგაზრდა და ძლიერ კარგად ჩაცმულ მებრძოლებისა, რომლებიც მტკიცე და სწორი ნაბიჯით მიდიან, თვალს ესთეთიურ სიამოვნებას აგრძნობინებენ და ძნელია ტაშის ცემისგან თავის შეკავება. და ხალხი იმათ აცილებს აღტაცებული ტაშისცემით.

პარადის მერე მუშებმა გაავსეს მთელი ქუჩა. ესტრადის წინ ზღვა ხალხი მოგაგონებს წარსული წლების მიტინგებს. სიტყვას ამბობს ამხანაგი ნოე ჟორდანია, რომელსაც ჩვეულებისამებრ ტაშის ცემით ხვდებიან, მას ხშირათ აწყვეტინებენ სიტყვას ტაშისცემით და „ვაშას“ ძახილით. ლაპარაკობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ლომთათიძე, რომელიც მიესალმება გვარდიას და პროლეტარიატს რესპუბლიკის უმაღლესი ორგანოს სახელით ბოლოს ძლიერ სიტყვას ამბობს ამხანაგი ვალიკო ჯუღელი, რომელსაც გამუდმებით აწყვეტინებენ ტაშის ცემით.

საღამოთი ყველა თეატრებში გაიმართა სადღესასწაულო წარმოდგენები სახალხო გვარდიის სასარგებლოთ. ყველა რაიონებში მოეწყო მოხსენებები გვარდიისა და მიმდინარე მომენტის შესახებ.

და მთელი ამ დროისაგან დარჩა მხიარული დღესასწაულის და მხნე სულიერი განწყობილების შთაბეჭდილება. ეს იყო დემონსტრაცია ჩვენი ძალისა და ხალხის ღრმა რწმენისათვის მომავლისადმი.