საარჩევნო მოხელის ზეწოლის საქმეზე დაკავებულები გირაოთი გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 დეკემბერს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის საქმეზე დაკავებული ორი პირის – აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. გობეჯიშვილი არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მალევე, გაჩნდა ბრალდებები, რომ მისი გარდაცვალება სწორედ მასზე განხორციელებული ზეწოლის შედეგი იყო.

ოპოზიცია ხუსკივაძესა და კობალაძეს „პოლიტპატიმრებად“ მიიჩნევდა და მათი გათავისუფლება მმართველ გუნდთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის 10 000-10 000 ლარიანი გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილება სასამართლომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის წინა დღეს მიიღო.

43 წლის თედორე გობეჯიშვილი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი კვირის თავზე, 7 ნოემბერს, დილით, არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტის ფონზე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

სამართალდამცველებმა გობეჯიშვილისთვის ქრთამის შეთავაზების, ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით, ხუსკივაძე და კობალაძე თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ბრალდების მხარის განმარტებით, 6 ნოემბერს, დაკავებულებმა გობეჯიშვილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით, თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვება და არჩევნების „თითქოსდა“ გაყალბების შესახებ განცხადების გაკეთება შესთავაზეს. პროკურატურისვე ცნობით, უარის შემთხვევაში, ბრალდებულები მას „დაპატიმრებითა და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ“.

მოგვიანებით, პროკურატურამ ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების მუხლითაც დაუმძიმა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 30 დეკემბერს გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)