„სამართლიანმა არჩევნებმა“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები გამოაქვეყნა
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 11 დეკემბერს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროპორიციული ნაწილის ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების მაჩვენებელი თავდაპირველთან შედარებით, 45.8%-დან 47.6%-მდე გაიზარდა.
თავდაპირველად, ხმების პარალელურმა დათვლამ მმართველი პარტიის მონაცემებში ცესკოს შედეგებთან შედარებით, ყველაზე მაღალი – 3%-იანი სხვაობა აჩვენა, დაზუსტებული მონაცემებით კი – ცდომილება 0.62%-მდე შემცირდა.
ორგანიზაციის განმარტებით, შიდა აუდიტმა, ხმების პირველადი პარალელური დათვლის დროს გარკვეული ხარვეზები გამოკვეთა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილი იყო ბათილი ბიულეტენებიც, რამაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული პროცენტები „უმნიშვნელოდ“ შეცვალა.
„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, ცვლილება „გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე“.
ქვემოთ ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებია მოცემული:
- ქართული ოცნება – 47.6%/±0.7% (თავდაპირველი შედეგი – 45.8% ; ცესკო – 48.14%);
- ენმ-ძალა ერთობაშია – 27.4/±0.6% (თავდაპირველი შედეგი – 26.4%; ცესკო – 26.78%);
- ევროპული საქართველო – 3.8%/±0.2% (თავდაპირველი შედეგი – 3.7% ; ცესკო – 3.79%);
- ლელო საქართველოსთვის – 3.2%/±0.2% (თავდაპირველი შედეგი – 3.1% ; ცესკო – 3.22%);
- პატრიოტთა ალიანსი – 3.2%/±0.1% (თავდაპირველი შედეგი – 3.1%; ცესკო – 3.1%);
- სტრატეგია აღმაშენებელი – 3.1%/±0.1% (თავდაპირველი შედეგი – 3%; ცესკო – 3.15%);
- გირჩი – 3.0%/±0.2% (თავდაპირველი შედეგი – 2.8%; ცესკო – 3.00%);
- მოქალაქეები – 1.3%/±0.1% (თავდაპირველი შედეგი – 1.3% ; ცესკო – 1.36%);
- ლეიბორისტული პარტია – 1%/±0.1% (თავდაპირველი შედეგი – 1%; ცესკო – 1%);
- ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა – 0.9%/±0.1% (თავდაპირველი შედეგი – 0.9%; ცესკო – 0.85%).
„სამართლიანმა არჩევნებმა“ გაიმეორა, რომ საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში დისბალანსი აღმოჩნდა და რომ ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბოლო წლებში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად მიიჩნევს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ოპოზციის მიერ პარალელური დათვლის პირველადი შედეგების „უხეშ მანიპულაციაზე“ ისაუბრა, რაც „სამართლიან არჩევნებში“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანად და ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს.
ასევე წაიკითხეთ:
- „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელურ დათვლაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება
- მე-10 მოწვევის პარლამენტი ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე შეიკრიბა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)