გერმანია და საფრანგეთი საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ
საქართველოს შესახებ 12 დეკემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაცხადეს, რომ „მძლავრი ინსტიტუტების ჩამოყალიბება და პლურალიზმის კარგი ფუნქციონირება ძლიერი დემოკრატიის აუცილებელი საფუძვლებია“.
განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც წინა დღეს, საქართველოს ახალი პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატები ესწრებოდნენ. ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს აცხადებენ.
მათი თქმით, მართალია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცესში გარკვეულ ნაკლოვანებებზე მიუთითეს, „საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება იმაზე, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმები პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელობან საკითხად დარჩეს“.
„ასეთი დისკუსიისთვის პარლამენტი არის შესაფერისი ადგილი, ვინაიდან საპარლამენტო პროცესი გაამყარებდა როგორც მიღწეულ შედეგს, ისე მის განხორციელებას და, საბოლოო ჯამში, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას“, – აღნიშნეს სამინისტროებმა.
„საფრანგეთი და გერმანია მზად არიან, რომ როგორც პარტნიორებმა, საქართველოს მხარი დაუჭირონ დემოკრატიის გზაზე, რომელიც მან აირჩია“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც „იმ დროს, როდესაც საქართველო რიგი რეგიონული გამოწვევების წინაშეა, მით უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება“.
სამინისტროებმა მხარდაჭერა გამოხატეს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მიმართ, რომელთა ხელშეწყობითაც მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის არჩევნების შემდგომი მოლაპარაკებები იმართება.
„მათ მიერ საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტიის დახმარების მიზანი იყო, კონკრეტული რეფორმის განხორციელება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმკიცების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე საუბარია საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესახებ მოსკოვსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ცოტა ხნის წინ გაფორმებული პროგრამის შესახებ. „კვლავ გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარის მიერ, რუსეთის ჩათვლით, ევროკავშირის მედიატორობით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრულად შესრულებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში კონკრეტული შედეგების მიღწევის აუცილებლობისკენ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)