USAID-ი „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების გადამოწმებას მიესალმება
USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოში 14 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში მიესალმა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) გადაწყვეტილებას, რომელმაც „საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა პარალელური დათვლის შედეგები (PVT) და საზოგადოებას გააცნო შიდა აუდიტის დასკვნა“. განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც პარალელური დათვლის განახლებულ შედეგებს ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან ორგანიზაციის მიმართ კრიტიკა მოჰყვა.
„ISFED-ი პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის პასუხისმგებელია გამჭირვალე ინფორმაციის უზრუნველყოფაზე, საკუთარ მონაცემთა ხარისხის კონტროლსა და შედეგების სიზუსტეზე PVT-ის ჩატარების საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრატიკის შესაბამისად“, – აცხადებს USAID-ი.
„მხარს ვუჭერთ არჩევნების მონიტორინგში ჩართული ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალე მუშაობას და ვაფასებთ ISFED-ის მიერ არჩევნების შემდგომ რთულ გარემოში განხორციელებულ საქმიანობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროპორიციული ნაწილის ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების მაჩვენებელი თავდაპირველთან შედარებით, 45.8%-დან 47.6%-მდე გაიზარდა. ორგანიზაციის განმარტებით, შიდა აუდიტმა, ხმების პირველადი პარალელური დათვლის დროს გარკვეული ხარვეზები გამოკვეთა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილი იყო ბათილი ბიულეტენებიც, რამაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული პროცენტები „უმნიშვნელოდ“ შეცვალა. „სამართლიანმა არჩევნებმა“ გაიმეორა, რომ საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში დისბალანსი აღმოჩნდა და რომ ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბოლო წლებში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად მიიჩნევს.
ასევე წაიკითხეთ:
- „სამართლიანმა არჩევნებმა“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები გამოაქვეყნა
- „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელურ დათვლაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)