აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 21 წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს – აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 15 დეკემბერს ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. შვიდი ოპოზიციონერი დეპუტატიდან სხდომას არცერთი დასწრებია.

31 ოქტომბრის არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა – ქართულმა ოცნებამ და ენმ-ძალა ერთობაშიამ გადალახა. შედეგად, აჭარის უმაღლეს საბჭოში ქართულმა ოცნებამ 14, ხოლო ენმ-ძალა ერთობაშიამ 7 მანდატი მოიპოვა.

სხდომის პარალელურად, აჭარის მთავრობის სახლთან ენმ-ძალა ერთობაშიას ექვსმა დეპუტატმა მანდატებზე უარის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიას საარჩევნო ბლოკის მეშვიდე არჩეული დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი არ დასწრებია. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, იგი თვითიზოლაციაშია. ბლოკმა აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას სიის განულების მოთხოვნით უკვე მიმართა.

უზენაესმა საბჭომ თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით გაბაიძე, მის მოადგილედ კი – ტიტე აროშიძე აირჩია.

დღევანდელ სხდომაზე კომიტეტების თვმჯდომარეებიც აირჩიეს. თანამდებობები ქართული ოცნების შემდეგმა დეპუტატებმა გადაინაწილეს:

  • ფრიდონ ფუტკარაძე – აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტი;
  • ცოტნე ანანიძე – ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტი;
  • დავით ბაციკაძე – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტს;
  • ვლადიმერ მგალობლიშვილი – საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი;
  • მარინე გვიანიძე – საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი;
  • ილია ვერძაძე – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების მცირე ნაწილი, რომელიც არჩევნების „გაყალბებას“ უკვე რამდენიმე კვირაა აპროტესტებს, დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის წინაც შეიკრიბა და საბჭოს პირველი სხდომა გააპროტესტა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საბჭოს ეზოს ღობეზე საპროტესტო სტიკერების გაკვრის მცდელობისთვის, სამართალდამცველებმა დღევანდელ აქციაზე შვიდი აქტივისტი დააკავეს.

მოგვიანებით, ირაკლი ჩავლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო და დეპუტატის მანდატზე უარს არ ამბობს. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ მედიასთან საუბარში თქვა, რომ ჩავლეიშვილმა „დატოვა პარტია და ის არ წარმოადგენს რესპუბლიკურ პარტიას, უმაღლეს საბჭოში“. რესპუბლიკელები ოპოზიციის საერთო ბოიკოტს უერთდებიან და დეპუტატის მანდატებზე უარს ამბობენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)