გაზეთი „საქართველო“: მთავრობა თავისუფალ პრესას დევნის
გაზ. საქართველო, 1920 წლის 17 დეკემბერი, N177
საზოგადოებას!
ჩვენში შეუძლებელი ხდება თავისუფალი აზრი და მსჯელობა. ის რეპრესია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩვენი გაზეთის წინააღმდეგ მიიღო, მოწმობს მხოლოდ იმას, რომ მთავრობა ვერ ითმენს მისი მოქმედების არამც თუ დაფასებას, არამედ ამ მოქმედების და მასთან დაკავშირებული გამოძახილის ფაქტიურ აღნუსხვასაც – კი!
ჩვენი გაზეთი დაიხურა იმ ფაქტიური მასალის გამოქვეყნებისთვის, რომელიც შეეხებოდა მთავრობის თავმჯდომარის და საქართველოს კათალიკოზ პატრიარქს შორის მომხდარ ინცინდენტს გელათის თაობაზედ.
მაგრამ „საქართველოს“ დაკეტვა არ გვაკმარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოთ ბრძოლა გამოუცხადა ჩვენი მიმართულების ყოველ გამოცემულ გაზეთს.
მან დაჰხურა „ახალი საქართველოც“, მასში მოთავსებული ერთი „პატარა ფელეტონისთვის!“არც ეს გვაკმარეს! იმავე სამინისტრო ფაქტიურად შეაჩერა გაზეთი „ივერია“ იმით, რომ დახურვით დაემუქრა იმ სტამბას სადაც იგი აიწყო და დაიბეჭდა. ყველა სხვა სტამბაც დაკეტვის ტერორმა შეიპყრო და გაზეთის აწყობაზედ უარი განაცხადეს. ამგვარად, შინაგან საქმეთა მინისტრმა მოგვისპო საშუალება ჩვენი აზრის გამოთქმის. ესეც არ გვაკმარა ბ-ნმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ისე შორს წავიდა წინადადებაც კი მოგვცა (!) ზოგიერთ საკითხზე კრინტი არ დაგვეძრა განახლებულ „საქართველოში!!!“.
ამაზედ შორს ვერ წავა დაცინვა პრესის თავისუფლებაზე!
ჩვენი აზრი არასოდეს არ დაგვიქვემდებარებია ძლიერთა ამა ქვეყნისათა ნება-სურვილისათვის. პრესის თავისუფლება ამგვარ შეურაცყოფას ჩვენის მხრით არც არასოდეს მიიღებ. ეს დაგვითმია დემოკრატიულ რესპუბლიკის მინისტრისათვის.
ჩვენი შეგნება ჰყოფილა და დარჩება იმ ერთად-ერთ კრიტერიუმად, რომელიც აყალიბებს ჩვენს აზრებს და არკვევს ჩვენს პოზიციას ამა თუ იმ საკითხში. ჩვენ არ გაგვივლია და არც შემდეგშიაც ვივლით იმ იდეოლოგიის ხაზით და არც იმ სოციალ-ზნეობრივი შემეცნებით, რომლითაც მიდიოდა ბ-ნი ნოე რამშვილი, როგორც მოღვაწე სოციალ-დემოკრატი ძველი რეჟიმის დროს, ან რომლითაც მიდის იგი დღეს, როგორც საქართველოს მინისტრი, როგორც სახელმწიფო – კაცი!
ჩვენ ის კი არ გვაკვირვებს, რომ თავისუფალი სიტყვა და აზრი ვერ იგუა „სატრაპმა“, არამედ ის რომ „სატრაპი“ ირიბულად მოქმედობს და ვერ ბედავს პრესსას აშკარად დაადვას წინასწარი ცენზურა!!..
სპირიდონ კედია