ციხეში გიორგი რურუას ცემის საქმეზე პენიტენციური დაწესებულების ორი თანამშრომელი დააკავეს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 16 დეკემბრის ინფორმაციით, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ციხეში ცემის საქმეზე უწყების გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი გულგრილობისთვის მე-8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სამსახურებრივი მოვალეობა „დაუდევარად“ და „არაჯეროვნად“ შეასრულეს, რასაც შედეგად ამავე დაწესებულებაში მოთავსებული გიორგი რურუას ჯგუფურად ცემა მოჰყვა.
სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს და სასჯელის მაქსიმალურ ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი რურუას 2 ნოემბერს ციხეში თავს ხუთი პირი იმ დროს დაესხა, როდესაც იგი საკნიდან თავის ადვოკატთან შესახვედრად გამოდიოდა. მაშინ რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობდა, რომ ეს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული თავდასხმა იყო, ვინაიდან ინციდენტს წინ არანაირი სიტყვიერი შელაპარაკება არ უძღვოდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)