სასამართლომ ოკუპირებული ცხინვალის ორ „სამართალდამცველს“ უვადო პატიმრობა მიუსაჯა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაკავებული და მოგვიანებით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველი ორგანოს ორ თანამშრომელს – დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს დაუსწრებლად უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის 16 დეკემბრის ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე შევიდა, სადაც ე.წ პროკურატურის თანამშრომელმა დავით გურწიევმა და ე.წ „КГБ“-ს სამსახურის განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ახალგორის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ, ტატუნაშვილი წამების მიზნით, ცხინვალს გადასცეს.
პროკურატურის განცხადებით, ტატუნაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობისთვის ცხინვალის „პროკურატურის“ შენობაში აწამეს, რა დროსაც სხეულზე სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება მიაყენეს.
საქართველოს თხოვნის საფუძველზე, 2018 წლის სექტემბრიდან ორივე „სამართალდამცველი“ ინტერპოლის მიერ 192 ქვეყანაში იძებნება.
ორივე მათგანი ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაშიცაა შეყვანილი. სიაში სულ 33 პირია, რომელთაც 90-იანი წლების დასაწყისიდან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ სასტიკი დანაშაულების ჩადენაში ედებათ ბრალი ან ამ დანაშაულების ჩადენისთვის გაასამართლეს.
ცხინვალის ხელისუფლებამ ტატუნაშვილი „ოსების წინააღმდეგ გენოციდის განხორციელებაში“, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან კავშირებსა და „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების წინ რესპუბლიკის ტერიტორიაზე დივერსიული აქტების მომზადებაში“ დაადანაშაულა.
დაკავებიდან ერთი დღის შემდეგ, ცხინვალის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაკითხვის შემდეგ საგამოძიებო იზოლატორში გადაყვანისას, ტატუნაშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც, დაზიანებები მიიღო, ის წააქციეს და კიბეზე დაგორდა, მალევე ტატუნაშვილი შეუძლოდ გახდა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გულის შეტევით გარდაიცვალა.
ცხინვალმა ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს შინაგანი ორგანოების გარეშე, მისი გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ გადმოსცა. თბილისში აგვისტოში ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის თანახმად, ტატუნაშვილის გარდაცვალების მთავარი მიზეზი მისი წამება იყო. ტატუნაშვილი თბილისის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სხვა სტატიებისთვის ეწვიეთ ბმულს.
ასევე წაიკითხეთ:
- სტრასბურგში საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ ორი სარჩელი შევიდა
- ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)