პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმე დახურა და ძიება შეწყვიტა
საქართველოს გენერალური პროკურატურის 17 დეკემბრის განცხადებით, დადგინდა, რომ ახალგაზრდა პროგრამისტმა თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და რომ მის მიმართ „დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია“, რის გამოც საქმეზე გამოძიება წყდება.
პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების, მტკიცებულებების საერთო ანალიზისა და გარდაცვლილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით დადგინდა, რომ ბაჩალიაშვილი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით დაიღუპა.
„საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების პარალელურად, უტყუარი საექსპერტო კვლევებით იქნა უარყოფილი ყველა ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის ძალადობრივი სიკვდილის შესახებ“, – განმარტა საგამოძიებო უწყებამ და დასძენა, რომ თვითმკვლელობის პროცესში ბაჩალიაშვილი ავტომობილში მარტო იმყოფებოდა.
პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით თქვა, რომ ავტომობილს თავად ახალგაზრდა პროგრამისტი მართავდა და სახლიდან თვითმკვლელობის ადგილამდე მისვლის პერიოდში მის მანქანაში არავინ მჯდარა. ამას, უწყების თქმით, ადგილობრივთა ჩვენებებიც ადასტურებს.
პროკურატურის ცნობით, კვლევამ ასევე გამორიცხა „ავტომანქანის გარეშე ძალით, ბუქსირებით ან გათრევით გადაადგილება“ და დადასტურდა, რომ 18 ივლისიდან 22 ივლისამდე პერიოდში ის ერთ ადგილზე იყო გაჩერებული.
უწყების განცხადებით, ბაჩალიაშვილის ავტომობილიდან ამოღებული წამლის ცარიელი ფირფიტები, რომლებზედაც მისი დნმ აღმოჩნდა, იმ მედიკამენტის იყო, რომელსაც გარდაცვლილი Google-ით თვითმკვლელობის ერთ-ერთ საშუალებად ეძებდა. პროკურატურის თქმით, ამ წამლის შემადგენლობაც, სხვა პრეპარატებთან ერთად, „გადაჭარბებული დოზით აღმოჩნდა მის ორგანიზმში“. უწყებამ განმარტა, რომ საექსპერტო კვლევის თანახმად, ბაჩალიაშვილმა წამლები დალია და ინექციის გზით არ მიუღია.
თავისი ვერსიის გასამყარებლად, პროკურატურამ სოციალურ ქსელებში ბაჩალიაშვილის ანგარიშებიდან რამდენიმე პირადი მიმოწერის დეტალები და ვიდეოდღიურის შინარსიც გაასაჯაროვა, სადაც იგი თვითმკვლელობაზე საუბრობს.
საგამოძიებო უწყებამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ Facebook-დან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ „სხვა გარეშე პირის მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშზე წვდომას ადგილი არ ჰქონია“.
თვითმკვლელობის შესახებ პროკურატურის ვერსიას არ ენდობა გარდაცვლილის დედა თეონა თამაზაშვილი, რომელიც გამოძიებას უნდობლობა თავიდანვე გამოუცხადა. მისი თქმით, „ეს არის ჯგუფური მკვლელობა მაღალჩნოსნების მიერ“. „გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ საშუალებას, რომ [დავადგინოთ] ამ საქმეზე სიცხადე და საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე“, – უთხრა ჟურნალისტებს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
- პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები გამოაქვეყნა
- პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნებს აქვეყნებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)