„ოცნებამ“ პარლამენტის ბოიკოტისთვის პარტიების დაფინანსების შეწყვეტაზე კანონპროექტი დაარეგისტრირა
ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 17 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე პარტიის მიერ გუშინ პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას ან შეჩერებას ითვალისწინებს.
კობახიძის განმარტებით, კანონპროექტი „საპარლამენტო საბოტაჟის“ წინააღმდეგ არის მიმართული და ცვლილებების შემდეგ, პარტიებს, რომლებიც სადეპუტატო მანდატებს სრულად არ აითვისებენ ან მათი წარდგენით არჩეული დეპუტატები სხდომებს „არასაპატიო მიზეზით“ გააცდენენ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ „საპარლამენტო საბოტაჟი“ არის სახელმწიფოსა და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რასაც „სათანადო სამართლებრივ რეაგირება“ სჭირდება. მანვე ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტს პარლამენტი, სადაც ამ დრომდე მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები არიან წარმოდგენილნი, მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს.
კობახიძემ ისიც თქვა, რომ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად, იგივე პარტიები უფასო საეთერო დროითაც ვეღარ ისარგებლებენ. ამასთან, პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებით იმ პარლამენტარებს, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ.
კობახიძემ ხაზი იმასაც გაუსვა, რომ ინიცირებული ცვლილებებით, პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება, თუკი წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართული მისი ერთი ლიდერი მაინც „არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს“. ცვლილება დიდი ალბათობით, პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიემართება, რომლის ლიდერიც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის და იგი წინასაარჩევნო კამპანიებში უკრაინიდან აქტიურად იყო ჩართული.
ოპოზიციის შეფასება
ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ ცვლილებებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ პარტიას ქართული ოცნების „მუქარა, შანტაჟი და გაფრთხილება“ არ აშინებს. „დარწმუნებული ვარ, რომ ელჩების, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების რეაქცია იქნება ძალიან მკაცრი“, – დაამატა მან.
მმართველი გუნდის ინიციატივას „სამარცხვინო“ უწოდა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ და ხაზი გაუსვა, რომ ის „ანტიკონსტიტუციურია“.
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა კი, რომელმაც სადეპუტატო მანდატზე უარი თქვა, იქამდე, სანამ „ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არ დაგმობენ პუტინისტური დიქტატურის დამყარებას ჩვენს ქვეყანაში“, ყველა მოლაპარაკების შეჩერება მოითხოვა.
ჯერ კიდევ 9 დეკემბერს, პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომამადე ორი დღით ადრე, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევიდოდნენ, სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა პრივილეგიებს ვერ მიიღებდნენ. კობახიძის ამ განცხადებას მაშინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გადადება მოჰყვა.
- ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი გაიმართა
- საქართველში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
8 ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. ისინი მის შედეგებს არ ცნობენ და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. ოპოზიციური პარტიები ახალი არჩევნების ჩატარებას, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასა და „პოლიტიპატიმრების“ გათავისუფლებას ითხოვენ.
საარჩევნო ბლოკმა ენმ-ძალა ერთობაშიამ, ასევე პარტიებმა – ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ტრატეგია აღმაშენებელმა და ლეიბორისტულმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიების განულების შესახებ განცხადებებით უკვე მიმართეს. მათმა ნაწილმა პარლამენტში სადეპუტატი მანდატების გაუქმების შესახებ განცხდებაც დაწერა. პატრიოტთა ალიანსს, მოქალაქეებს და გირჩს ცესკოსთვის ჯერ არ მიუმართავთ. საპარლამენტო სხდომებს არც ისინი ესწრებიან. მათგან ბოლო ორი, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ბოიკოტს შეწყვეტს.
ბოიკოტის მიუხედავად, პარტიების უმრავლესობამ სახელმწიფო დაფინანსებაზე უარი არ თქვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11 დეკემბრის განკარგულებით, სახელმწიფო დაფინანსება ჯამში 12-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო. მათგან – 5.1 მლნ ლარი ქართულმა ოცნებამ; 2.2 მლნ ლარი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ; 1.1 მლნ ლარი ევროპულმა საქართველომ; 1 მლნ ლარი პატრიოტთა ალიანსმა; 940 000 ლარი სტრატეგია აღმაშენებელმა; 803 000 ლარი ლელომ; 460 000 ლარი ევროპელმა დემოკრატებმა; 240 000 ლარი პარტიამ სახელმწიფო ხალხისთვის; 204 000 ლარი რესპუბლიკურმა პარტიამ; 290 000 ლარი ლეიბორისტულმა პარტიამ; 104 000 ლარი კანონი და სამართალმა; 12 000 ლარი პროგესი და თავისუფლება. გირჩმა და მოქალაქეებმა სახელმწიფო დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)