გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გოჩა ლორთქიფანიძე პირველი კანდიდატია საქართველოდან, რომელიც 18 დეკემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) მოსამართლედ აირჩიეს.

56 წლის ლორთქიფანიძე 18-წევრიან სასამართლოში 9 წლის ვადით წევრი სახელმწიფოების მე-19 ასამბლეამ აირჩია. საქართველომ ამ თანამდებობაზე  საკუთარი კანდიდატი მარტის ბოლოს წარადგინა.

ინფორმაციის გავრცელებამდე ლორთქიფანიძე გუშინ ახალ კაბინეტში იუსტიციის მინისტრად დასახელდა.

ICC-ის ახლადარჩეულ მოსამართლეს 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ოქტომბრიდან კი – მას შემდეგ, რაც ამავე უწყების მინისტრმა, თეა წულუკიანმა თანამდებობა საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო დატოვა, იგი იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

ლორთქიფანიძე სამართლის განხრით თსუ-ის, ესექსისა და ჰარვადრის უნივერსიტეტებში სწავლობდა. 2005-2009 წლებში იგი საერთაშორისო სამართლისა და საგარეო საქმეთა საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწე იყო.

ლორთქიფანიძესთან ერთად ICC-ის მოსამართლედ ბრიტანელი ჯოანა კორნერიც აირჩიეს. დანარჩენი ოთხი ვაკანტური ადგილი, სავარაუდოდ, 21 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნების შედეგად შეივსება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)