ასლან ბჟანიამ მოსკოვში ვიზიტი დაასრულა
აფხაზეთის ლიდერი, ასლან ბჟანია 11-18 დეკემბერს მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სოჭში 12 ნოემბერს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე შეთანხმებული „საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის“ პროგრამის განხორციელებაზე იმსჯელა.
ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, 17 დეკემბერს, აფხაზეთის ლიდერი რუსეთის ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვსა და ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხემძღვანელს, დანიილ ეგოროვს შეხვდა. სილუანოვმა და ბჟანიამ სოციალურ-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, ხოლო ეგოროვმა აფხაზეთის ლიდერს საგადასახადო ადმინისტრირებაში „წამყვანი ციფრული ტექნოლოგიების“ გამოყენების თაობაზე რუსეთის გამოცდილებაზე მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა ასევე იმსჯელეს რუსული საგადასახადო ტექნოლოგიების აფხაზეთში გამოყენების შესაძლებლობებზე.
ერთი დღით ადრე, ბჟანია რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს, დმიტრი პატრუშევს შეხვდა. სხვა სასოფლო-სამეურნეო საკითხებთან ერთად, მხარეებმა აფხაზეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის შესაძლებლობები განიხილეს.
15 დეკემბერს ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოსა და რუსეთის ტრანსპორტის მინისტრს, ვიტალი საველიევს შეხვდა.
აფხაზეთის ლიდერის პრესსამსახურის ინფორმაციით, კირიენკოსთან შეხვედრაზე მხარეებმა „აფხაზეთ-რუსეთის თანამშრომლობის რიგი საკითხები განიხილეს“, ხოლო საველიევთან ბჟანიამ 1992-1993 წლების ომის შემდეგ დახურული სოხუმის აეროპორტის აღდგენის, ასევე მდინარე ფსოუზე ძველი საავტომობილო ხიდის „სრული რეკონსტრუქციის“ პერსპექტივებზე იმსჯელა.
14 დეკემბერს ასლან ბჟანია რუსეთის ჯანდაცვის მინისტრ მიხაილ მურაშკოსა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დმიტრი კოზაკს შეხვდა.
მურაშკოსთან შეხვედრაზე ბჟანიამ ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრა. მხარეებმა კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მოსკოვის დახმარებაც შეაფასეს და აფახზეთის მოსახლეობის რუსული „სპუტნიკ 5“ ვაქცინით აცრის შესაძლებლობაც განიხილეს.
დმიტრი კოზაკთან შეხვედრაზე აფხაზეთის ლიდერმა რეგიონში ენერგოუსაფრთხოების კუთხით გაუარესებულ სიტუაციაზე ისაუბრა და 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული პროექტების განხორციელებასაც შეეხო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)