კომუნისტებმა ბაქოში საქართველოს მოქალაქეები დახვრიტეს
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 22 დეკემბერი, N291
საგარეო საქმეთა მინისტრის პროტესტი
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა საბახტარაშვილმა საქართველოს მოქალაქეთა დახვრეტის გამო შემდეგი პროტესტით მიმართა ადერბაიჯანის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარს ჰუსეინოვს. (პირი საქართველოს სრულუფლებიან წარმომადგენელ გაბრიელ ხუნდაძეს).
ჩვენ მიერ მიღებულ ოფიციალურ ცნობებით მე-11 ჯარის საგანგებო განყოფილებას დაუხვრეტია საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი: პლავსკი, საყვარელიძე, გომელაური, ხვიჩია, ქუთათელაძე და ჩხეიძე. საგანგებო განყოფილებამ გამოიტანა განაჩენი, რაიც იყო არა სასამართლოს კვლევაძიების, არამედ საქმის ადმინისტრატიული წარმოების შედეგი.
ვაცხადებ რა, კატეგორიულ პროტესტს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა მიმართ მართლმსაჯულების ელემენტარულ საფუძვლების უსამართლოთ დარღვევის გამო, ამით მოვითხოვ ამ საქმის სასწრაფო გამოძიებას და მთელ საბრალდებო მასალის საქართველოს სრულუფლებიან წარმომადგენლისადმი გადაცემას. N11, 100.
საგარეო საქმეთა მინისტრის მაგიერ კონსტანტინე საბახტარაშვილი
დეკემბრის 21, 1920 წ.