ცხინვალში ინალ ჯაბიევის ძმა დააპატიმრეს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი პატიმრის, ინალ ჯაბიევის ძმა, აცამაზ ჯაბიევი „ძალადობის გზით გამოძალვის“ ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
19 დეკემბერს აცამაზ ჯაბიევის დაკავებას ცხინვალში სამკვირიანი საპროტესტო აქციები უძღოდა, სადაც ჯაბიევის ოჯახი აგვისტოს ბოლოს, დაკავებულის ტყუპისცალი ძმის, 28 წლის პატიმრის – ინალ ჯაბიევის, სავარაუდოდ, წამებით სიკვდილის საქმეზე სამართლის აღსრულებას ითხოვდა. ეს უკანასკნელი ოკუპირებული რეგიონის მაშინდელი „შს მინისტრის“ იგორ ნანიევის მკვლელობის მცდელობისთვის იყო დაპატიმრებული.
რეგიონის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ განცხადებით, აცამაზ ჯაბიევმა, რომელიც ამჟამად დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, დაკავებამდე ერთი დღით ადრე, „45 წლის მოქალაქეზე იძალადა“.
„ცხინვალის ხელისუფლების საჯაროდ შეურაცხყოფის“ გამო დეკემბერში მასზე ძებნა გამოცხადდა. თუმცა, მოგვიანებით, ცხინვალის რეგიონის „პროკურატურამ“ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც აცამაზ ჯაბიევი უწყებაში თავად გამოცხადდა და განმარტებები გააკეთა, ის გაათავისუფლეს.
გამოცემა „ეხო კავკაზა“ ინალ ჯაბიევის ქვრივის, ოქსანა სოტიევას სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ „სამხრეთ ოსეთის“ ლიდერი ანატოლი ბიბილოვი მის მაზლს, აცამაზ ჯაბიევს თავად დაუკავშირდა და მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის დახურვის სანაცვლოდ, ოჯახს პროტესტის შეწყვეტა მოსთხოვა.
- საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას ცხინვალის კრიზისზე რეაგირებას სთხოვს
- ბიბილოვის მოსკოვში ვიზიტის ფონზე ცხინვალში კრიზისი გრძელდება
- ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის „მთავრობა“ დაითხოვა
28 აგვისტოს, ოკუპირებული ცხინვალის „შს მინისტრის“ იგორ ნანიევის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ჯაბიევის გარდაცვალებას, რეგიონის მკვიდრების პროტესტი მოჰყვა. პროტესტის საპასუხოდ, რეგიონის „პრეზიდენტმა“, ანატოლი ბიბილოვმა მთავრობის სრული შემადგენლობა დაითხოვა და ყველა დამნაშავის დასჯის პირობა დადო. ბიბილოვის გადაწყვეტილებას წინ რეგიონის „პრემიერ-მინისტრის“, ერიკ ფუხაევის გადადგომა უძღოდა.
მიუხედავად გადადგომის შესახებ მოწოდებებისა, თავად ბიბილოვმა და „გენერალურმა პროკურორმა“, ურუზმაგ ჯაგაევმა თანამდებობები არ დატოვეს.
მუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული ცხინვალის „პროკურატურამ“ ჯაბიევის გარდაცვალებასთან სავარაუდოდ დაკავშირებული „შს სამინისტროს“ შვიდი თანამშრომელი დააკავა, ჯაბიევის ოჯახმა დეკემბრის დასაწყისში საპროტესტო აქციები განაახლა. იმ შემთხვევაში, თუ სამართლიანი გამოძიებისა და „პროკურორის“ გადადგომის შესახებ მათი მოთხოვნები არ შესრულდებოდა, გარდაცვლილის ოჯახი აქციების გაგრძელებით დაიმუქრა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)