აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ახალი მთავრობის ძველ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 21 წევრიანმა უმაღლესმა საბჭომ, 25 დეკემბერს, გამართულ სხდომაზე, 14 ხმით ერთის წინააღმდეგ, აჭარის მთავრობის ძველ შემადგენლობას, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ნდობა გამოუცხადა.
მთავრობას მხარი ქართული ოცნების 14-ვე დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილი იყო, რომელიც ერთადერთი დეპუტატია, რომელიც ბლოკ ენმ-ძალა ერთობაშიადან აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შევიდა და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით სარგებლობს. მთავრობის დამტკიცებისთვის სულ 11 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, საკუთარი პოსტი ყველა ძველმა მინისტრმა შეინარჩუნა. ქვემოთ აჭარის მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობაა წარმოდგენილი:
- ჯაბა ფუტკარაძე – ფინანსთა და ეკონომიკისა მინისტრი;
- გიორგი სურმანიძე – სოფლის მეურნეობის მინისტრი;
- მაია ხაჯიშვილი – განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი;
- ნინო ნიჟარაძე – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
მთავრობის დამტკიცებამდე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს სიტყვით თორნიკე რიჟვაძემ მიმართა და კანონმდებლებს 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა. მან სამთავრობო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებად ეკონომიკის აღდგენა და სტიმულირება, პანდემიის მართვა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება დაასახელა.
მისი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში მთავრობის მთავარი ამოცანა „ეპიდემიის დასტაბილურება და ლოკალიზებაა“. „ეს საქმე არის ბოლომდე მისაყვანი, მინიმალური დანაკარგებით“, – დაამატა რიჟვაძემ.
„არ უნდა დაგვავიწყდეს აჭარის მოსახლეობა, ჩვენ უკვე გადავდგით და გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ მათი მხარდაჭერა, განსაკუთრებით პანდემიის დროს“, – აღნიშნა მანვე.
გრძელვადიან პერსპექტივებზე საუბრისას, რიჟვაძემ, თქვა, რომ სამთავრობო გუნდს „საკმაოდ ამბიციური“ გეგმა აქვს, რომლის მიზანიც, ეკონომიკის ყოველწლიურად 5-6% ზრდა, 2024 წლისთვის კი – აჭარის ეკონომიკის 30%-ით გაზრდაა.
ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 15 დეკემბერს გაიმართა, რომელსაც მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები დაესწრნენ. სხდომის პარალელურად, ენმ-ძალა ერთობაშიას ექვსმა არჩეულმა დეპუტატმა, ჩავლეიშვილის გარდა, საკუთარ მანდატებზე უარი თქვა. მათვე კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ არჩევნები გაყალბდა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)