26 დეკემბერი, 1920: რესპუბლიკის თავდაცვის გასაძლიერებლად „ფრონტის დღე“ იმართება
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 26 დეკემბერი, N295
ფრონტის დღე
დღეს ფრონტის დღეა; ეს დღე ავალებს ყველას, ღარიბს, მდიდარს, დიდს თუ პატარას სამშობლოს სამსხვერპლოზე მოიტანოს თავისი წვლილი, ბევრი თუ ცოტა სულერთია, მცირედიც შეიწირების. ან როგორ უნდა დავზოგოთ ჩვენი ქონება მისთვის, რომელიც სიცოცხლეს არ ზოგავს ჩვენ დასაფარავად, დემოკრატიული სამშობლოს საკეთილდღეოთ, მის გასამარჯვებლად.
ჩვენი ყოფნა – არ ყოფნის საკითხი დამოკიდებულია ფრონტზე, ამისათვის უნდა ვიზრუნოთ მისთვის; უნდა ვეფეროთ, ველოლიავოთ მას; არ შევაცივოთ, არ მოვაშივოთ ჩვენი საუკეთესო შვილნი, რომელნიც დღეს ამ სასტიკ, ყინვიან ცივ დღე და ღამე სდარაჯობენ ჩვენს რესპუბლიკას, რომლის კარებს მტერი მოსდგომია და ლამობს შინ შემოიჭრას.
და თუ შესძლო ულმობელმა მტერმა ჩვენს მიწა წყალზე ფეხის შემოდგმა. მაშინ იცოდეთ მორჩა, უნდა გამოვეთხოვოთ ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ყოველივე მას რაც ჩვენთვის წმინდათა-წმინდას შეადგენს, და რისთვისაც ამოდენა სისხლი დავღვარეთ; საფრთხეში ჩავარდება – ჩვენი ფიზიკური არსებობაც კი; ამას ნათლად ამტკიცებს ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიაც ეხლა იმყოფება ჩვენი მეზობელი ერები.
მარტო დავრჩით, მარტო, მაგრამ სიმარტოვე საქართველოსათვის არ არის ახალი. ის მას ჩვეულია ისტორიულად, და მიტომ განვითარდა ქართველ ერში მებრძოლი სული და დაუძლეველი, მტკიცე ნებისყოფა, რასაც დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა უფრო გააორკეცებს და მით უზრუნველ ყოფს ჩვენს საბოლოო გამარჯვებას.
და ამ გამარჯვებაში ეჭვი ნურავის შეეპარება სანამ ჩვენი საუკეთესო შვილთ უშიშრად გამზადებული აქვთ მკერდი მტრის დასახვედრათ.
მაგრამ საჭიროა მათ იგრძნონ, რომ სულით, გულით მთელი თავის არსებით მათთან არის მტერთან ბრძოლაში მთელი ერი, რომ თვითეული მოქალაქე თანასწორად იზიარებს ფრონტის მდგომარეობას. დღეს ერთხელ კიდევ უნდა დაუმტკიცოთ ჩვენს მებრძოლთ, რომ ჩვენ მათთან ვართ და ისინი ჩვენთან რომ ჩვენი გზა და მზიანი ერთია და ეს ერთი მზიანია ქვეყნის თავდაცვა, რომელსაც ყველაფერს შესწირავთ, რადგანაც მასზე უძვირფასესი სხვა არა გვაქვს რა.
ბევრ მებრძოლს შეიძლება აწუხებს ფიქრი სახლში უმწეოდ მიტოვებულ დედისა თუ ცოლშვილზე, მაგრამ ამაოდ, ჩვენ შეუშრობთ მათ ცოლშვილს ცრემლებს; სახლში დარჩენილი მისი მეზობელი მიხედავს მის ცოლშვილს. უპატრონებს, ფრონტის დამხმარე კომიტეტი მისცემს შინდარჩენილ მებრძოლის ოჯახს სარჩო საბადებელს, არ მოაკლებს მფარველობას, ის არ აგრძნობინებს ობლობას, მაგრამ რა ქონება ექნება დამხმარე კომიტეტს თუ, შენ რესპუბლიკის შვილო არგამოიღებ შენს წვლილს თუ არას დღეს არას შესწირავ ფრონტს.
მაშ საჩქაროდ მოიხადე შენი ვალი.
დღეს ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიური მდგომაროება მეტად მძიმეა, ამისთვის ძნელი იქნება სახელმწიფომ იკისროს სავსებით თავდაცვისათვსი საჭირო ხარჯები, აუცილებლად საჭიროა საზოგადოებრივი დახმარება, ამას აქვს, როგორც რეალური, ისე მორალური მნიშვნელობა.
მაშ, დავეხმაროთ სახელმწიფოს თავდაცვის საქმეშ, მივაწოდოთ ჩვენი წვლილი.
მოქალაქენო! ჩვენი ბედი ფრონტზეა დამოკიდებული, არ დაიშუროთ მისთვის ქონება.
ყველაფერზე უძვირფასესი შენთვის დემოკრატიული სამშობლოა, რომელსაც დღეს იცავს ფრონტი, დაეხმარე მას.
მტერი სუსტია სანამ ფრონტი ძლიერია; ფრონტის სიმაგრე კი დამოკიდებულია შენზე, მაშ გაეშურე საჩქაროდ, შესწირე ფრონტს.
ფრონტი მფარველობს შენს ცოლშვილს და ქონებას; არ დაიშურო ნაწილი შენი ქონებისა.
ფრონტზე უფრო ცივა, გაუგზავნე ფრონტზე მყოფ შენს დამცველს ხელთათმანები, თბილი ტანისამოსი.
მიხედე ფრონტზე მყოფ მებრძოლის ცოლშვილს, არ მოაშივო, არ შეაცივო მის ოჯახს.
მოქალაქე! მთავრობამ მილიონები გადასდო თავდაცვისათვის, ეხლა ჯერი შენზეა.
ხომ მოიხადე თავისუფალ სამშობლოს წინაშე ვალი, ხომ შესწირე ფრონტს?
მოქალაქენო! ჩვენი მებრძოლები შეგნებულ ელემენტებისგან შესდგება, მათ უსათუოდ უნდათ სულიერი საზრდო: გაუგზავნეთ მათ გაზეთები, წიგნები.