ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მე-9 ყრილობაზე, რომელიც 27 დეკემბერს გაიმართა, პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია ერთხმად აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძე შეცვალა, რომელიც ცოტა ხნის წინ გადადგა. ვაშაძეს პარტიის თავმჯდომარის პოსტი 2019 წლის მარტიდან ეკავა.
პარტიის თავმჯომარის თანამდებობაზე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა საბჭომ ნიკა მელია და აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე დაასახელა, რის შემდეგაც, გამარჯვებული ელექტრონული კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. კენჭისყრა ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში პარტიის 20 779 მხარდამჭერი მონაწილეობდა, საიდანაც ხმების 64.9% ნიკა მელიას, ვარშალომიძეს კი – 35.1% ერგო.
თავმჯდომარის პოსტზე არჩევის შემდეგ, შეკრებილებს სიტყვით თავად ნიკა მელიამ მიმართა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ, „არ გაქრა ასპარეზიდან და საქმიანობა გააგრძელა, როგორც მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ“. „ჩვენს აქტივშია [2003 წლის] ხავერდოვანი, მშვიდობიანი რევოლუცია და ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარებაც“, – დაამატა მან.
- სასამართლომ ნიკა მელიას გირაო 40 000-ით გაუზარდა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა
- პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა
მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა „ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეაა“, რომელსაც „ვერცერთი ცალკე აღებული ადამიანი ვერ აზიანებს და ვერ ამარცხებს“. „ნაციონალურ მოძრაობას აქვს მიზანი, კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას მდიდარი, დასავლური საქართველო, სადაც უმთავრესი ღირებულებაა ადამიანის თავისუფლება, ბედნიერება და კეთილდღეობა“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ.
ამის შემდეგ, მელიამ პარტიაში დაგეგმილ შემდეგ „მნიშვნელოვან“ ცვლილებაზე გაამახვილა ყურადღება – ახალი ინიციატივების, პროგრამებისა და პროექტების მხარდაჭერა და განვითარება; პარტიის ოფისების არა ბიუროკრატიულ, არამედ მოქალაქეთა მხარდაჭერის ცენტრებად ჩამოყალიბება; პარტიის დაფინანსების საჯარო მონაწილეობით მოდელზე გადასვლა.
„უნდა დასრულდეს დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებები. იწყება ახალი, ჯანსაღი, გამჭვირვალე და მორალური პოლიტიკა… ახლა, მთავარია, ნაციონალურმა მოძრაობამ გაუღოს კარი ყველას“, – თქვა ნიკა მელიამ და დაამატა – „ჩემი მთავარი ამოცანა და ამბიცია არის, რომ ბევრი ახალი ადამიანი მივიღოთ პარტიაში“.
ყრილობის წევრებს ვიდეო ჩართვის საშუალებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის საპატიო თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა, ნიკა მელიას გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ იგი არის „შეუპოვრობისა და თავგანწირვის სიმბოლო, რომლის გარეშეც არაფერი გამოვა“.
„ქართველ ხალხს ვეიმედებით, რომ მათ დავუბრუნებთ გამარჯვებას. ამისთვის უნდა აგორდეს საბოლოო, გადამწყვეტი ტალღა, რომელიც უზურპატორს, ოლიგარქს და მის მიერ შექმნილ მარიონეტულ რეჟიმს წალეკავს და საქართველოს დაუბრუნებს მშვიდობას, განვითარებას და კეთილდღეობას“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის ხმების 27.18% მიიღო და 36 მანდატი მოიპოვა. პარტიამ ახალ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა და მანდატებზე უარი თქვა. ამავე არჩევნებში ნიკა მელია გლდანის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის სახელით იყრიდა კენჭს. იგი ერთადერთი კანდიდტი იყო, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში მმართველი გუნდის კანდიდატს აჯობა და ხმების 44.06% მიიღო. სხვა კანდიდატების მსგავსად, მელიას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიუღია.
ასევე წაიკითხეთ:
- ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს
- გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ოპოზიციაში დაბნეულობა მოჰყვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)