სუსი აფხაზეთის სიახლოვეს ახალ, უკანონო „ბორდერიზაციაზე“ საუბრობს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალ, უკანონო ე.წ. ბროდერიზაციის პროცესზე საუბრობს.
სუს-ის მიერ 28 დეკემბერს გავრცელებული განცხადებით, მიმდინარე წლის 26-27 დეკემბერს, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან, ახალი მავთულხლართები გაავლეს და ახალი კონსტურქციები დაამონტაჟეს.
სუს-ის განცხადებით, საოკუპაციო ძალების ეს ქმედება მორიგი დესტრუქციული ნაბიჯია, რაც „კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით და აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“.
უწყებისვე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები.
საოკუპაციო ძალების მხრიდან სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“ შესახებ სუს-ში 16 მაისსაც განაცხადეს. 20 მაისს კი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩისა და განმუხურის მიმდებარედ, კიდევ ერთ უკანონო, ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესზე ისაუბრეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)