ელენე ხოშტარიამ ევროპული საქართველო დატოვა
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ პარტია დატოვა და ახალი პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბებას გეგმავს.
28 დეკემბერს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხოშტარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „პოლიტიკური ციკლის ამ ეტაპზე“ მან დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ იგი ოპოზიციურ ერთობაში რჩება და არც პარლამენტში შესვლას აპირებს.
„ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ მე მაქვს ახალი გეგმები, პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი პლატფორმის, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა და ამაზე დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდი“, – განაცხადა ხოშტარიამ.
ხოშტარიამ ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა „ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია, როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა – აქტივიზმი, ასევე მტკიცე ერთიანი, კოორდინირებული, პრინციპული პოლიტიკური პროცესი“ და იგი ორივე მიმართულებით ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.
ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხოშტარიას გადაწყვეტილების შესახებ პარტიაში დიდი ხნის განმავლობაში იცოდნენ და ეს მათთვის „სიურპრიზი არ ყოფილა“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ეს არანაირად არ არის ევროპული საქართველოდან გადინების პროცესი, როგორც ეს ზოგიერთს სურს, რომ გამოაჩინოს“.
ბაქრაძემ დაამატა, რომ „პარტიაში არანაირი უთანხმოება არ არის“ და ხოშტარიას ევროპული საქართველო განხეთქილების გამო არ დაუტოვებია. „ყველა ასეთ ბინძურ ჭორს მინდა ვუპასუხო, რომ ეს ასე არ არის“, – ხაზი გაუსვა ბაქრაძემ.
„ბუნებრივია გული გვწყდება, მაგრამ ეს არის პოლიტიკა. ჩვენ ვრჩებით თანამოაზრეებად, თანამებრძლებად და ვემსახურებით ერთი და იგივე მიზანს“, – დაამატა მან.
ევროპული საქართველო, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 2016 წლის არჩევნების შემდეგ მალევე გამოეყო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად პირველად მონაწილეობდა და ამომრჩევლის ხმების 3.79%-ით 5 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა. სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, ევროპული საქართველოც ახალ პარლამენტს ბოიკოტს უხადებს. თავად ელენე ხოშტარია, 31 ოქტომბრის არჩევნებში ვაკის ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის სახელით იყრიდა კენჭს და პირველ ტურში მან ხმების 35.55% მიიღო. ხოშტარიამ სხვა ოპოზიციონერი მაჟორიტარობის კანდიდატების მსგავსად, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)