„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ოპოზიციისთვის დაფინანსების შეზღუდვის კანონპროექტს აკრიტიკებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 28 დეკემბრის განცხადებით, ქართული ოცნების ინიციატივა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანების შეწყვეტას ან შეჩერებას ითვალისწინებს, „დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს“.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, პარტიებს, რომლებიც სადეპუტატო მანდატებს სრულად არ აითვისებენ ან მათი წარდგენით არჩეული დეპუტატები სხდომებს „არასაპატიო მიზეზით“ გააცდენენ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამავე ცვლილებებით, პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება, თუკი წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართული მისი ერთი ლიდერი მაინც „არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს“.
ორგანიზაციის განმარტებით, ნებისმიერი საკანონმდებლო შეზღუდვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების საქმიანობას შეეხება და მათ შესუსტებას იწვევს, დემოკრატიისათვის უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევა, რადგანაც საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის თანახმად, „პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებასაც იშველიებს და აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო დაფინანსების გაუქმება მძიმე დარტყმა იქნება ოპოზიციური პარტიებისთვის, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პლურალიზმზე და კიდევ უფრო არაკონკურენტულს გახდის პოლიტიკურ გარემოს“.
ორგანიზაციის განცხადებით, არ შეიძლება ამგვარი დაფინანსება პირდაპირ უკავშირდებოდეს საპარლამენტო მანდატების მიღებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ასევე აღნიშნავს, რომ მაგალითად, 2016 წელს პარტიას სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად საპარლამენტო აჩევნებში 3% მაინც უნდა მიეღო, მაშინ როდესაც, პარლამენტში მოსახვედრად 5%-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო. 2020 წლის 2 ივლისს მიღებული ცვლილებებით კი – პარტიას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში 1%-ს მაინც მოიპოვებს, სახელმწიფო დაფინანსება ეკუთვნის.
საერთაშორისო გამჭვირვალობა ასევე იხსენებს, რომ 2008 წელს, როდესაც საპარლამენტო მანდატებზე უარის გამო ოპოზიციურ პარტიებს სახელმწიფო დაფინანსების უფლება ჩამოერთვათ, მაშინ ეს გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასეს მაშინდელმა სახალხო დამცველმა და ამჟამად ქართული ოცნების დეპუტატმა სოზარ სუბარმა და „ოცნების“ მოქმედმა აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
ორგანიზაციისვე განმარტებით, საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება არაპროპორციულად მძიმე სანქციაა და მისი პოლიტიკური მიზნებით გამოყენების დიდ საფრთხეს ატარებს. „გაუმართლებელია არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა დარღვევის სიმძიმით გავუთანაბროთ ამომრჩევლის მოსყიდვას ან პარტიის არაკონსტიტუციურ საქმიანობას და ამ მიზეზით გავუუქმოთ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აგრეთვე განმარტავს, რომ ცვლილებების მიღების შეთხვევაში, პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმების უფლებამოსილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ენიჭება, რაც ამ დრომდე სასამართლოს პრეროგატივაა.
პარლამენტმა შესამაბისი კანონპროექტი პირველი მოსმენით 23 დეკემბერს მიიღო, რასაც სამოქალაქო საქზოგადოების, ოპოზიციური პარტიებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. მოგვიანებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მეორე და მესამე მოსმენამდე საკანონმდებლო ცვლილებებს ეუთო/ოდირს ან ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან.
მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საქართველოში აშშ-ისა და ევროკაშვირის ელჩების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებები შეჩერდა. დიალოგის მეხუთე რაუნდი ამ დრომდე არ გამართულა.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროპის სახალხო პარტია ოპოზიციისთვის შეზღუდვების დაწესების კანონპროექტს აკრიტიკებს
- აშშ-ის ელჩი იმედოვნებს, რომ ქართული ოცნება ოპოზიციის შემზღუდავ კანონპროექტს გადახედავს
- ომბუდსმენი ოპოზიციისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)