დეკემბერი, 1920. ლევ ტროცკი: აღშფოთებული ვარ საქართველოს წინააღმდეგ კავკასიელ ბოლშევიკთა მოქმედებებით

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 30 დეკემბერი, N298

ტროცკი საქართველოს შესახებ

გაზეთ „გრუზიას“ [ეროვნულ-დემოკრატთა რუსულენოვანი გამოცემა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] მოჰყავს ტროცკის ინტერვიუ, რომელიც ჰქონდა ერთ რუს მენშევიკთან ხარკოვში. მოგვყავს ის ადგილი, სადაც ტროცკი ეხება საქართველოს.

საუბრის ბოლოს ტროცკისთვის მიეტანათ კავკასიის გაზეთები [ბოლშევიკური] , რომელიც სავსე ყოფილა საქართველოს შესახებ, ეს გაზეთები რომ გადაუთვალიერებია ტროცკის ეთქვა: მე აღშფოთებული ვარ იმ საქციელით და კომპანიით, რომელსაც ეწევიან კავკასიის გაზეთები საქართველოს შესახებ, რომელთაც არა სურთ საკითხში ცენტრს გაუწიონ ანგარიში. ცენტრს არ სურს საქართველოსთან ომი, არც პრინციპიალურად, არ პრაქტიკულ მოსაზრებით და არც რეალურ პოლიტიკის კარნახით. ჩვენ მიმდინარე ანგარიშებში არ შედის ომი საქართველოსთან და მისი სოვეტიზაციის საკითხი ეს თვის საქართველოს შინაურ ცხოვრების და გარემოების საქმეა, რომელშიაც ცენტრს არა სურს ჩარევა და იქონიოს რაიმე ძალმომრეობა.

რაც შეეხება საქართველოს და ჩვენ შორის დადებულ ხელშეკრულებას უნდა ითქვას, რომ ეს თავისთავად ბუნებრივია და აქ არავითარ ძალდატანებას არა ჰქონია ადგილი. ჩვენ კარგად ვიყავით დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოდან არავითარი საფრთხე არ მოგველოდა. ჩვენი ხელშეკრულება თავისუფლების აქტის ქვეშ მოხდა და მისი ღირსებაც ამაშია. ჩვენ რომ საქართველოზე სულ სხვა გეგმები გვქონოდა, როგორსაც ჩვენ გვაწერენ ხოლმე, მაშინ ჩვენი საქციელი სულ სხვანაირი იქნებოდა და სხვანაირ სახესაც მიიღებდა. ყველა ახლად აღორძინებული სახელმწიფოების დამოუკიდებლობა ჩვენ ვიცანით და ჯერ არც ვფიქრობთ მათ თავდასხმას.

ასე ათავებს თავის სიტყვას რუსეთის უზურპატორი და ასე ჰგონია მას, ბალღს ვისმე გულუბრყვილოს ველაპარაკებიო. თვით მისი სიტყვები ამტკიცებს რუსეთის გულის ზრახვებს „ჯერ“ არ ვფიქრობთო! ამბობს ტროცკი. ჩვენც ვიცით, რომ რუსეთი დიდი ხანია „ჯერს“ ელოდება  საქართველოზე თავდასხმას. ჩვენ არ ვიცით რამდენად სწორია ხარკოვის ინტერვიუ, ან გაზეთ „გრუზიას“ ნათარგმნი, მაგრამ დღემდის ჩვენთვის აშკარაა ის, რომ რუსეთის სიტყვას და საქმეს შორის დიდი უფსკრულია.