შსს-მ 9 ნარკორეალიზატორი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 30 დეკემბერის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. ამასთან, სამართალდამცველებმა მათგან საკონტროლოდ „ჰეროინი“ რამდენჯერმე შეისყიდეს და შესყიდვის პროცესიც გადაიღეს.
შსს-ს განმარტებით, პოლიციამ, დაკავებულების სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად სარეალიზაციოდ გამზადებული „ჰეროინი“, „მეტადონი“, ფული და მობილური ტელეფონები ამოიღო.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში, უწყებამ ჯამში 71 ნარკორეალიზატორი დააკავა, პასუხისგებაში მისცა ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 16 პირი, 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია დახურა და ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია გამოავლინა. აგრეთვე, პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან 89 კგ „ჰეროინი“, 1 კგ „კოკაინი“ 7 000 აბი „სუბოტექსი“ და 6.5 კგფსიქოაქტიური ნივთიერებები ამოიღო.
ასევე წაიკითხეთ:
- შსს-მ 1 კგ „ჰეროინის“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- შსს-მ 0.5 კგ-მდე ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)