თავდაცვის ძალების რაოდენობა 2021 წლისთვის კვლავ 37 000 ჯარისკაცით განისაზღვრა

საქართველოს პარლამენტმა 25 დეკემბრის სხდომაზე, მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2021 წელს თავდაცვის ძალების რაოდენობა კვლავ 37 000 ჯარისკაცით განისაზღვრა.

დადგენილების პროექტი დეპუტატებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ წარუდგინა და თქვა, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საომარი მდგომარეობის დროს. აგრეთვე, თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

„ეს არის ის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც იძლევა თავდაცვის სამინისტროს წინაშე დასახული ამოცანების შესრულების შესაძლებლობას“, – დაამატა მან.

თავდაცვის ძალების შემადგენლობა 2008 წლის შემდეგ, მას მერე, რაც ის 5 000 ჯარისკაცით გაიზარდა, არ შეცვლილა და 37 000-ს შეადგენს. თავდაცვის ძალების რაოდენობის შესახებ დადგენილებას პარლამენტი ყოველწლიურად ამტკიცებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)