3 იანვარი, 1921: გერმანიის ელჩი ულრიხ რაუშერი საქართველოში ჩამოვიდა
გაზ. ბათომის ცხოვრება, 1921 წლის 5 იანვარი, N3
გუშინ წინ ჩამოვიდა და ჩვენ სატახტო ქალაქში მიემგზავრება საქართველოს მთავრობასთან წარმოგზავნილი გერმანიის ელჩი, დოქტორი ულრიხ რაუხერი.* მისი ჩამოსვლა უნებურათ გვაგონებს იმ ახლო წარსულს, როდესაც ჩვენი რეოლის ცეცხლში ჩაწერილი, მოკლებული სახელმწიფოებრივ სიმტკიცეს და ორგანიზაციას იდგა დიდი საფრთხის წინაშე.
მძლავრი გერმანიის მოკავშირე ოსმალეთი თავის ჯარებს გზავნიდა საქართველოს საზღვრებთან და მის ლაშქარი საქართველოს ბჭეების განგრევას ცდილობდა. მართალია, მოუწყობელი ვიყავით, საკმაოდ ძალა და ორგანიზაცია არ გვქონდა, რომ მოზღვავებულ მტრის რაზმთა დევნა შეგვეჩერებია, მაგრამ საქართველოს დემოკრატია უომრათ ვერ დაუთმობდა ბრძოლის ველს მტერს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის დანგრევა და სასიცოცხლო ძალების დალეწვა განეზრახა. საქართველოს დემოკრატია წითელ დროშას, რომელიც ათეულ წლობით ამაყათ ხელში ეჭირა, ვერ დახრიდა და დესპოტის წინაშე, რომელსაც თავისი ლაშქარი ჩვენი ერის თავისუფლების და რევოლუციის მონაპოვართა მოსასპობათ დაეძრა. საჩქაროთ მოწყობილი რაზმები დავუყენეთ მტრის ლაშქარს, ვიბრძოლეთ, მაგრამ მტერი გამარჯვებას ხარობდა, წინ მოიწევდა და საქართველოს შავი დღეები უთენდებოდა და აქ ამუშავდა ჩვენი დიპლომატია. გერმანია – ოსმალოს ურთიერთობაში ჩაქსოვილი წინააღმდეგობა ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენეთ და გერმანიის დახმარებით ოსმალეთის წინსვლა შეჩერდა.
მძიმე წუთები განვიცადეთ, საქართველოს რევოლუციური დემოკრატია იძულებული იყო იმპერიალისტურ გერმანიის დახმარებით ესარგებლა დესპოტიურ ოსმალეთის წინაღმდეგ. მძიმეა ისეთი ორი ძალების შეგუება და ერთგვარათ დანათესავება, რომელთაც საერთო არაფერი და საბრძოლველი კი ბევრი აქვს, მაგრამ წუთიერ რევოლუციურ თავმოყვაროების მაღლა დავაყენეთ ჩვენი ერის კეთილდღეობა. ჩვენც ამ არჩევანში მართალი გამოვდექით. ოსმალთა საფრთხე ჩვენ მშრომელ ხალხს ავაცილეთ, ცოტა შევისვენეთ და ჩვენი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის მოწყობა მომარაგებას შევუდექით.
გერმანიის ჯარები ჩვენს საზღვრებში შემოვიდენ, მაგრამ არ ყოფილა ისეთი ხანა, რომ ჩვენ მაშინდელი გერმანიის პოლიტიკას ავყოლოდით, რამე მათი შეხედულება მიმართული ვინმეს სამტროთ გამოგვეყენებია, ამ ჩვენი დემოკრატიული სულის კვეთება ჩვენში ჩაგვეკლა და რევოლიუციური აღმშენებლობა შეგვეკვეცა. ჩვენ დავრჩით იმათ, რაც ვიყავით, ჩვენი დემოკრატიულ-რევოლუციურ ხაზი სწორათ და შეუბღალავათ ტარდებოდა. ჩვენი რევოლუციური, ნათელი დროშა ისევ ამაყათ შეყურებდა ჩვენ სამშობლოს ცას მაშინ და ეხლაც ჩვენ ვაღიარებთ: გერმანიამ დიდი დახმარება გაგვიწია, საშინელ მტერთა შემოსევისაგან ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა.
დღეს მდგომარეობა შეცვლილია, რევოლიციური ალი გერმანიაშიც ამოვარდა, ცეცხლში დაიწვა და დაიფერფლა ძველი წყობილება, რომელიც ასე გვაშორებდა და გვაშინებდა გერმანიის დახმარებას. დღეს გერმანიაში ხალხი მბრძანებლობს, გერმანია რესპუბლიკანური სახელმწიფოა ჩვენ დაგვიახლოვდა წყობილებით გერმანიის ხალხი და მასთან დაახლოებას და კავშირის გაბმას ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვაძლევთ.
მართალია გერმანია ომში დამარცხდა, ვერსალის ხელშეკრულება აუტანელი სიმძიმით მას თავს დაატყდა, დიდათ დაზარალდა მისი ეკონომიური ძლიერება და მისი მძლავრი მრეწველობა, მაგრამ გერმანიის მხნეობა, შრომა და გარჯილობა იმედს იძლევა, რომ ადრე წელში გაიმართება და საპატიო ალაგს დაიჭერს საერთაშორისო ოჯახში. გერმანიის მეცნიერება და იდეური ძლიერება კვლავ დაუშრეტელი ნაკადით იელვებს და საერთაშორისო იდეურ მოძრაობაში საპატიო ალაგს დაიჭერს.
ჩაქრება მსოფლიო ომის შედეგათ დატოვებული მტრობა და გაუტანლობა, ერთა შორის ძმობა და ერთობის ტახტი დაიდგმება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საერთაშორისო მშვიდობიანობის ჩამოგდებაში განახლებული გერმანია საპატიო შრომას გასწევს.
ჩვენ ვცდილობთ ყველა სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური განწყობილება დავამკვიდროთ, ჩვენ ცდა ყოველთვის აქეთ იყო მიმართული. ცხადია, განახლებულ გერმანიასთან კავშირის , მასთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობის დაჭერა ჩვენი სანუკვარი საგანია. დარწმუნებული ვართ, რომ ახლათ მოვლინებული თავისუფალი გერმანიის ელჩი თავის ცოდნას და შრომას ასეთ მეგობრული ურთიერთობის გაბმას გერმანია და საქართველოს შორის მოახმარს. ჩვენ თფილი გრძნობით ვეგებებით მის აქ ჩამოსვლას.