თბილისი სოხუმს ხანძრის ჩაქრობაში დახმარებას სთავაზობს
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებული აფხაზეთის ხელმძღვანელობას რეგიონში გაჩენილი ხანძრის კერების ჩაქრობაში დახმარებას სთავაზობს. 8 იანვარს გამართულ ბრიფინგზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა აფხაზეთში გაჩენილი ხანძრის გამო საქართველოს მთავრობის სახელით წუხილი გამოხატა და აღნიშნა, რომ თბილისი მზად არის ცეცხლის კერების ლიკვიდაციაში „კონკრეტული გზებით, მათ შორის, ვერტმფრენის საშუალებით“ ჩაერთოს.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, 5 იანვარის დილიდან „ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულობის მზადყოფნის დადასტურების მიზნით“, ცხელი ხაზი რამდენჯერმე ამოქმედდა და „დე ფაქტო ხელისუფლების წარმონადგენლებთან“ ორმხრივი, უწყვეტი კომუნიკაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
„ხანძრის გაჩენის პირველივე საათებიდან ჩვენ დავაფიქსირეთ მზაობა. [აფხაზეთის ხელმძღვანელობისთვის] შეთავაზებულ იქნა დახმარების კონკრეტული გზები და ჩვენ ველით კონკრეტულ პასუხს, რომ დაუყოვნებლივ ჩავერთოთ ამ სამუშაოებში“, – განაცხადა ახვლედიანმა.
„სამწუხაროდ, ჩვენ მიმდინარე ოკუპაციის რეჟიმში ვიმყოფებით და აქედან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს ეფექტური წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე“, – დაამატა მან.
რეგიონის „უშიშროების საბჭოს“ ხელმძღვანელმა, სერგეი შამბამ ქართულ მედიასთან საუბარში დღეს თქვა, რომ ხანძრის ჩაქრობაში თბილისისგან დახმარების მიღების საჭიროება არ არსებობს.
აფხაზეთში უკვე მეხუთე დღეა, რაც ხანძარს ებრძვიან. რეგიონში ხანძრის პირველი კერა 4 იანვარს გაჩნდა, რა დროსაც ცეცხლი გალის რაიონის 9 სოფელს მოედო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველაზე მეტად სოფელი ზემო ბარღები დაზარალდა, სადაც სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ამჯერად, ხანძრის ჩაქრობას გაგრაში ცდილობენ, სადაც ცეცხლი საცხოვრებელ სახლებსა და მთავარ ავტომაგისტრალს უახლოვდება.
ხანძარი იყო ოჩამჩირისა და გუდაუთის რაიონებშიც, რომელიც აფხაზეთის ხელმძღვანელობის განცხადებით, 7 იანვარს ჩააქრეს. გუდაუთის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსის მოადგილემ, ალხაზ კირტბაიამ ადგილობრივ მედიასთან საუბარში თქვა, რომ ხანძრის ჩასაქრობად სპეციალური ვერტმფრენი იყო საჭირო, რომელიც აფხაზეთის „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს“ არ აქვს, რუსეთისთვის დახმარების თხოვნა კი – ჯერ ადრე იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)