ბიძინა ივანიშილი პოლიტიკიდან „საბოლოოდ“ მიდის
პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 11 იანვარს გავრცელებულ წერილში ამბობს, რომ იგი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობასა და პარტიას ტოვებს და პოლიტიკიდან „საბოლოოდ“ მიდის.
აღნიშნა რა რომ ქართული ოცნების გუნდს მისი „შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება“ შეუძლია, ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მან საკუთარი მისია შეასრულა და „კერძო ცხოვრების წესს“ უბრუნდება.
ივანიშვილმა პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიზეზად ისიც დაასახელა, რომ იგი რამდენიმე კვირაში 65 წლის ხდება და განმარტა, რომ „ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი“ მისი ეს ნაბიჯი „კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს მომხრეებს და უფრო ენერგიულს გახდის ხელისუფლებას“.
ივანიშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობაც გაიხსენა და თქვა, რომ „დღეს ეს ბოროტება მნიშვნელოვნად შესუსტებულია“ და მის მთავარ შემაკავებელ ძალად კვლავ „ქართული ოცნება“ რჩება.
ივანიშვილმა ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდი ავტორიტარიზმს შეადარა და ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო „შიშსა და წამებაზე დაფუძნებული დიქტატურა, ცრუ პროპაგანდა, პირადი ძალაუფლების გამყარების და უვადოდ გახანგრძლივების მცდელობა“. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ შეიცვალა კონსტიტუცია და „ქვეყანა ფსევდოსაპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა“.
აღნიშნულს ივანიშვილმა ქართული ოცნების მმართველობის რვაწლიანი მმართველობის შედეგი დაუპირისპირა, რაც მისივე შეფასებით, არის „მშვიდობა, ღია და პლურალისტული დემოკრატია, საკონსტიტუციო რეფორმით განმტკიცებული საპარლამენტო მმართველობა, ხელისუფალის გაფეტიშების მიუღებლობა, ინსტიტუციურად დაბალანსებული ხელისუფლება, პოლიტიკისაგან გამიჯნული მართლმსაჯულება და საჯარო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა“.
ივანიშვილის თქმით, ქართული ოცნება „პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილი, ევრო-ატლანტიკური ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის მტკიცედ გამზიარებელი, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, ხალხის სამსახურში მყოფი, ერთგული, ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანების მყარი ერთობაა“, რომელიც „არცერთი შეფასების ნიშნითა თუ კრიტერიუმით არ ჩამოუვარდება ევროპული ქვეყნების მთავრობებს“.
„დღეს საქართველოს ხელისუფლება გაწონასწორებული და დაბალანსებულია, არავის აქვს ზომაზე მეტი, ჭარბი და გადამეტებული ძალაუფლება. თითოეულ სახელისუფლებო შტოს აქვს მკაცრად განსაზღვრული და შემოფარგლული უფლებამოსილებები. დღეს ჩვენ გვყავს მოამაგე, მეგობრული და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება“, – თქვა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ქართული ოცნების მმართველობის დროს, იყო „ხარვეზები და გადაცდომებით“, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა. მანვე მოქალაქეების იმ ნაწილს, რომელიც მმართველი უნგისგან უფრო „მეტს ელოდა“ და იმედი გაუცრუვდა, ბოდიში მოუხადა.
ივანიშვილმა წერილში ხელისუფლების პერიოდული ცვლილების გარდაუვალ აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი და სინანულით აღნიშნა, რომ „ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისთვის დამახასიათებელ სტანდარტებს“.
თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ „აუცილებლად გამოჩნდება პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს ქართულ ოცნებას და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება“.
„ქართული ოცნება დაიკავებს ღირსეულ ადგილს პოლიტიკური ოპოზიციის ავანგარდში და ეს პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით“, – დაამატა ივანიშვილმა.
წერილის დასასრულს, ივანიშვილმა საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის ქვეყნებს, ასევე „უკლებლივ ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს“ ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის „ურყევი“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნების თავმჯდომარე პოლიტიკიდან მიდის. 2013 წლის ბოლოს, ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის პოსტები ერთდროულად დატოვა. მაშინ ორივე თანამდებობა მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაიბარა. ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე 2018 წლის მაისში დაბრუნდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)