ბრექსიტი, ეპილოგი

წასვლა სჯობს წარმავალისა

24 დეკემბერს, შობის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მოსახლეობას მიმართა და ევროკავშირთან ახალი სავაჭრო გარიგების თაობაზე შეთანხმების მიღწევა აუწყა. გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული ვაჭრობის და თანამშრომლობის შეთანხმება 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ამ შეთანხმებამ საბოლოოდ დაასრულა რთული და უსაშველოდ გახანგრძლივებული ბრექსიტი. ბრიტანეთი ევროპის დიდ ოჯახს გამოეყო და მოძველებული ფლოტითა და განახლებული ამბიციებით თავისუფალ ცურვაში გაეშურა.   


ავტორი: გიორგი ფანიაშვილი 12 წელია დიპლომატიურ სამსახურშია. ეს სტატია მხოლოდ ღია წყაროებში მოპოვებულ ინფორმაციას ეფუძნება


რატომ არის ეს მნიშვნელოვანი:

  • ევროკავშირის ადაპტაცია ბრიტანეთის გასვლასთან საგულისხმოა წევრობის ან უფრო ახლო ასოცირების მსურველი საქართველოსთვის;
  • საქართველოს ინტერესებშია კონსოლიდირებული, ძლიერი და მოქნილი ევროკავშირი, რასაც ბრექსიტის პროცესით მხოლოდ ჩრდილი მიადგა. საქართველოს ცვლილებებზე დაკვირვება და საგარეო პოლიტიკის მათთან შეხამება მოუწევს.

ბრექსიტის ალილო 

შობის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, 24 დეკემბერს, ბრიუსელიდან ამბავმა ჩამოაღწია, რომ ბრიტანელმა და ევროკავშირის მომლაპარაკებლებმა მოახერხეს ახალი სავაჭრო გარიგების შეთანხმება.

პანდემიის მორიგი მწვავე შემოტევით ისედაც გატანჯულ ბრიტანულ ბიზნესსა და ეკონომიკას ჟანგბადივით სჭირდებოდა რაიმე დადებითი სიახლე და სიცხადე ევროკავშირთან ურთიერთობებში. ხავერდოვანი ბრექსიტისთვის განკუთვნილი გარდამავალი პერიოდი 2020 წლის 31 დეკემბერს იწურებოდა და რომ არა ახალი სავაჭრო გარიგება, 2021 წლის პირველი იანვრიდან ბრიტანეთს ევროკავშირთან ვაჭრობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებით მოუწევდა.

ჯონსონის მომენტი

ბრიტანეთს შეთანხმება პრემიერმა ბორის ჯონსონმა ალილოსავით ახარა. მან თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმების ღირებულება 660 მილიარდ ფუნტ სტერლინგს აღემატება და ეს არის ევროკავშირის მიერ კანადასთანდ ადებული ხელშეკრულების მსგავსი, უაღრესად მსხვილი სავაჭრო გარიგება. პრემიერის აცხადებს, რომ ბრიტანეთი და ევროკავშირი თავისუფლად ივაჭრებენ, ტარიფებისა და ქვოტების გარეშე.       

ბუნებრივია, მას არ დავიწყებია ბრექსიტის შეპირებული სიკეთეების ხსენება: საკუთარ ბედზე, ფინანსებზე, კანონებზე, მართლმსაჯულებაზე, რეგულაციებზე, სტანდარტებზე, საზღვრებსა და სანაპიროებზე კონტროლის დაბრუნება. 

პარლამენტის ხმა

შეთანხმების დასამტკიცებლად პრემიერმა საშობაო არდადეგებზე გასული ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატების უკან გამოხმობა მოუწია. თემთა პალატამ 30 დეკემბერს დოკუმენტი 521 ხმით დაამტკიცა 73-ის წინააღმდეგ, რის შემდეგაც გარიგებამ შესაბამისი მოსმენები ლორდთა პალატაშიც გაიარა.

თემთა პალატაში დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ (SNP), უელსის ნაციონალისტურმა პარტიამ (Plaid Cymru), თემთა პალატაში ჩრდილოეთ ირლანდიური პარტიების წარმომადგენლებმა და ლიბერალ დემოკრატებმა, ასევე თავი შეიკავა რამდენიმე ლეიბორისტმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა. ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, სამეფო არც თუ ისე გაერთიანებულია ევროკავშირის დატოვების საკითხზე, რისი შედეგებიც პოლიტიკურ პრობლემად დარჩება.

ამავე დღეს, მოგვიანებით ბრიუსელიდან სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავით ჩამოტანილ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ვონ  დერ ლეიენისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხელმოწერილ შეთანხმების ტექსტს, ბორის ჯონსონმაც დაატანა თავისი „გაკრული“ ხელმოწერა. უკვე 31 დეკემბერს, ბრიტანული ტრადიციისამებრ, მისმა უდიდებულესობამ ბრიტანეთი-ევროკავშირის სავაჭრო გარიგებაზე სამეფო თანხმობა გასცა, რის შემდეგაც, 31 დეკემბრის ღამის 11:00 საათიდან ბრიტანულ-ევროპული ურთიერთობების ახალი რეჟიმი ძალაში შევიდა.

მართალია, 27 ქვეყნის ევროპარლამენტარებმა საშობაო არდადეგებზე საგანგებო შეკრება იუარეს და სავაჭრო გარიგების რატიფიცირება 2021 წლის დასაწყისისთვის გადადეს, მანამდე კი, ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს დროებით ასამოქმედებლად ევროპული საბჭოს თანხმობაც აკმარეს. ბრიუსელი გაცნობიერებული სიმშვიდითა და თავდაჯერებული სინანულით შეეგუა ჯუჯღუნა მოხუცის ოჯახიდან წასვლას.

რაზე შეთანხმდნენ

ბრიტანეთმა ევროკავშირის პოლიტიკურ ორგანოების გარდა, ამჯერად საბაჟო კავშირი და ერთიანი ბაზარიც დატოვა. როგორია შეთანხმების არსი?

ვაჭრობა

9 თვიანი საუბრის მთავარი თემა სწორედ ვაჭრობა იყო. მათი მთავარი მონაპოვარიც სწორდ ტარიფებისა და ქვოტების თავიდან აცილებაა. ეს მნიშვნელოვნად წაადგება, როგორც ბრიტანელ, ისე ევროკავშირის მეწარმეებს. უკვე ჩვევად ქცეული ექსპორტ-იმპორტი ზედმეტი შეფერხების გარეშე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ეს სავაჭრო შეთანხმება არ ვრცელდება ფინანსურ სერვისებზე, რაც ევროკავშირში ბრიტანული ექსპორტის დაახლოებით 80%-ს შეადგენდა. ამაზე ცალკე შეთანხმების დადება იგეგმება, „ექვივალენტობის“ პრინციპის გათვალისწინებით.

შეთანხმება არც პროფესიული კვალიფიკაციების ავტომატურ აღიარებას გულისხმობს, რაც ნიშნავს, რომ ბრიტანელ ექიმებს, ექთნებს, ვეტერინარებს, სტომატოლოგებსა თუ ინჟინრებს თავად მოუწევთ თავიანთ კვალიფიკაციის აღიარებაზე ზრუნვა ევროკავშირის შესაბამის ქვეყნებში.    

დავების მოგვარება და სამართლებრივი რეჟიმი

შეთანხმების განხორციელებას მეთვალყურეობას გაუწევს ბრიტანეთი-ევროკავშირის საპარტნიორო საბჭო, რომელსაც თავის ფუნქციების განხორციელებაში ასევე დაეხმარებიან შესაბამისი კომიტეტები. ეკონომიკური თანამშრომლობის უდიდეს ნაწილზე ვრცელდება სავალდებულო აღსრულებისა და დავების მოგვარების მექანიზმები, დამოუკიდებელი საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჩათვლით. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორივე მხარეს აქვს უფლება მიმართოს სექტორულ საპასუხო ზომებს, ტარიფების შემოღების ჩათვლით.  

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს აღარ აქვს იურისდიქცია სამართლებრივი რეჟიმის დადგენასა და დავის მოგვარების პროცესზე. პირველი იანვრიდან გაერთიანებულმა სამეფომ სრულად დატოვა ევროპის სამართლებრივი ველი, შესაბამისად ბრიტანული კანონები მიიღება მხოლოდ ბრიტანეთის პარლამენტის მიერ და განსჯაც მხოლოდ ბრიტანული სასამართლოების მიერ მოხდება.

მეთევზეობა

მეთევზეობა, რაც  ერთ-ერთ ყველაზე მწვავე უთანხმოების საგანს წარმოადგენდა 10 თვიანი მოლაპარაკებების მანძილზე კომპრომისული მორიგებით დასრულდა. მომავალი ხუთწელიწადნახევრის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს წყლებში ევროკავშირი თევზჭერის ქვოტის 25%-ს დათმობს ბრიტანული მხარის სასარგებლოდ. მომავალში კი, თევზჭერის ქვოტირება ყოველწლიური განხილვისა და შეთანხმების საგანი იქნება.

ამასთან, ორივე მხარეს შეეძლება ტარიფების შემოღება ან საკუთარ წყლებში შესვლის აკრძალვა, თუ რომელიმე მხარე შეუთანხმებლად შეზღუდავს წყლებზე წვდომას ან დაარღვევს თევზჭერის დადგენილ წესებს. ამ კომპრომისული გარიგებით უკმაყოფილო დარჩა ირლანდია და პრინციპში ბრიტანელი მეთევზეებიც: ირლანდიურ მხარეს დასაჭერი თევზის წილი შეუმცირდა, ხოლო ბრიტანულმა თევზჭერის ინდუსტრიამ სრულად ვერ აღიდგინა სათევზაო კონტროლი საკუთარ წყლებზე. 

სუბსიდიები და სახელმწიფო დახმარება

სუბსიდირება და სახელმწიფო დახმარების საკითხები, ისევე როგორც პროდუქციის წარმოების თანაბარი პირობები (level playing field) იყო ბრიტანელი და ევროკავშირის მომლაპარაკებლებს შორის შეუთანხმებლობისა და კამათის მთავარი წყარო. აქაც შეთანხმდა, რომ ორივე მხარეს მოეთხოვება, ჰქონდეს სუბსიდირების კონტროლის ეფექტიანი სისტემა და მისი დამოუკიდებელი ზედამხედველობის მექანიზმი. რაც შეეხება თანაბარ პირობებს, იმ შემთხვევაში თუ თანაბარი პირობებიდან გადახვევა აზიანებს ვაჭრობას,  ორივე მხარეს შეეძლება დააწესოს ტარიფები, რომლებიც იქნება საარბიტრაჟო დავის საგანი. ხშირი გადახვევების შემთხვევაში კი, გათვალისწინებულია ამ შეთანხმების გადახედვის მექანიზმიც.  

უსაფრთხოება

უსაფრთხოების მხრივ, ბრიტანეთმა დატოვა Europol-ი, Eurojust-ი, European Arrest Warrant-ი და მონაცემთა გაცვლის სხვა შეთანხმებები, მათ შორის, შენგენის საინფორმაციო სისტემა. ახალი გარიგება გარკვეულწილად ჩაანაცვლებს და დაფარავს ევროპულ საპოლიციო, უსაფრთხოების და მართლმსაჯულების თანამშრომლობის ფორმატებს. თუმცა, ლონდონს ვეღარ ექნება ძველი წვდომა ევროპულ მონაცემთა ბაზებზე, რაც ზოგიერთი ექსპერტის აზრით, უარყოფითად იმოქმედებს სამეფოს უსაფრთხოებაზე.

ევროკავშირის პროგრამები

ნიშანდობლივია, რომ გაერთიანებული სამეფო განაგრძობს მონაწილეობას ევროკავშირის ისეთ პროგრამებში, როგორებიც არის – Horizon Europe (კვლევითი პროგრამა), Euratom Research and Training და ITER fusion and Copernicus (სატელიტური სისტემები). ამასთან, ეს არ ვრცელდება Erasmus-ის პროგრამაზე, რომელიც ათასობით სტუდენტს აძლევდა კონტინენტურ ევროპაში განათლების მიღების შესაძლებლობას. სამაგიეროდ ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი აამოქმედებს მსოფლიო მასშტაბის ახალ სასწავლო პროგრამას, რომელსაც დაერქმევა ენიგმას კოდის გამშიფრავი ბრიტანელი მეცნიერის, ალან ტურინგის სახელი.

დასასრული და დასაწყისი…

ევროკავშირში ბრიტანეთის 47 წლიანი წევრობა არასდროს ყოფილა მარტივი და უპრობლემო, თუმცა, ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის გადაწყვეტილება მაინც არასასიამოვნო მოულოდნელობა იყო ევროპელი თავკაცებისთვის. ლონდონი ყოველთვის ძნელად ეგუებოდა რეგულაციებსა და წესებს (რა თქმა უნდა, საკუთარის გარდა) და ბოლომდე არც არასდროს თვლიდა კონტინენტურ ევროპას მის თანასწორად. როგორც უინსტონ ჩერჩილმა თავის დროზე დასძინა საფრანგეთთან დაკავშირებით – „ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ მათ, თუმცა თავს ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ მათ დონეზე დავიდეთ…“

რა საგარეო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების შედეგებს იქონიებს ბრიტანეთის წასვლა ევროკავშირზე, მის სამეზობლოსა და თავად ბრიტანეთზე ამას მომავალი წლები გვიჩვენებს.

ცხადია, რომ ბრიტანეთის გამოყოფამ ევროკავშირის ერთიანობას და სიმყარეს ბზარი გაუჩინა, პარტნიორებს შორის ძველი უთანხმოებები, წყენები და ამბიციები ზედაპირზე წამოატივტივა და ზოგადად, ევროპული პროექტი შეარყია. ევროპას მოუწევს კონსოლიდაციის და მოქნილობის დემონსტრირება, ხოლო კუნძულოვან სამეფოს იმის დადასტურება, რომ მას დამოუკიდებლად, ევროკავშირის გარეშეც შეუძლია ევროპული ფასეულობების, სტაბილურბისა და კეთილდღეობის ექსპორტი მსოფლიოს შორეულ კუთხეებში.

ბორის ჯონსონმაც აღნიშნა, რომ ბრიტანეთს მოუწევს დარჩეს ევროპული და ამავე დროს, იყოს სუვერენულიც.  შემდგომ წლებში, როგორც ევროკავშირი, ისე გაერთიანებული სამეფო შეეცდებიან ამ კრიზისიდან რაიმე სასარგებლო გამოადნონ – ამგვარი გარდაქმნების ისტორიული მეხსიერება კუნძულზეც მოიძებნება და ევროპულ კონტინეტზეც.

ყველაფრისდა მიუხედავად, ბრიტანეთსა და ევროკავშირს საერთო მიზნები, ამოცანები და გამოწვევები აკავშირებთ. მათ შორის თანაარსებობა და მჭიდრო თანამშრომლობა საერთო მომავლისთვის მომავალშიც გაგრძელდება.

მანამდე კი ბრიტანეთმა შნოიანად გახუნებული, ერთ დროს საკმაოდ ძვირად ნაყიდი, პალტო შეიფერთხა და თავდაჯერებული ნაბიჯით ბრიუსელის გრძელი და ცოტათი შეხუთული კორიდორები დატოვა.