მედია: ჩოხატაურში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების შედეგად სამი ადგილობრივი დაშავდა
მედიის ინფორმაციით, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის ქრისტიან და მუსლიმ მცხოვრებლებს შორის 12 იანვარს რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამი ადგილობრივი მკვიდრი დაშავდა.
ამავე ცნობებით, სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ თემთა შორის რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული უთანხმოება თითქმის ერთი თვეა გრძელდება. სოფლის ქრისტიანული თემის წარმომადგენლები ბუკნარში მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებენ, მუსლიმი თემი კი – ლოცვის უფლებას ითხოვს.
„თუ ამ ქვეყანაში და ამ სოფელში მუსლიმებმა უნდა ვიცხოვროთ, მგონი, გვეკუთვნის ერთი სალოცავი“, – თქვა მედიასთან მუსლიმი თემის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. ქრისტიანული თემის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით კი, სოფლის სიახლოვეს „საკმარისი მეჩეთებია“, სადაც მუსლიმებს ლოცვა შეუძლიათ და ახლის მოწყობის საჭიროება არ არსებობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 12 იანვარს ბუკნარში მომხდარ ინციდენტზე სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სოფლის ორ მკვიდრს „ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა“. უწყება საქმეს ცემის ან სხვაგვარი ძალადობის მუხლით (126-ე) იძიებს, რაც და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას განმარტებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში მას დაპირისპირებულ მხარეებთან 7 შეხვედრა ჰქონდა და არის „პრინციპული საკითხები“, რომლებზე შეთანხმებაც ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, კიდევ ერთი შეხვედრა დღეს იყო დაგეგმილი, თუმცა გუშინდელმა ინციდენტმა „მოლაპარაკებები“ გაართულა.
ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც“ (EMC) გამოეხმაურა და განმარტა, რომ ადგილობრივი მუსლიმი თემი სოფელში მეჩეთის მშენებლობას 2007 წლიდან ითხოვს, თუმცა შესაბამისი „სივრცის ორგანიზება ვერ მოხერხდა“.
ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას „მიიღოს სათანადო ზომები ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით. გაატაროს ყველა რელევანტური ღონისძიება მეჩეთის სივრცეში მუსლიმების მხრიდან ღვთისმსახურების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის“.
სამართალდამცველ ორგანოებს „ძალადობის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარ ფაქტებზე დროული და ეფექტიანი გამოძიებისთვის შესაბამისი ზომების“ მიღების, ასევე „მუსლიმური რელიგიური რიტუალების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში“ ჩატარების უზრუნველყოფისკენ ომბუდსმენის აპარატმაც მოუწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)