საპატრიარქო გმობს ცხინვალში რუსეთის ეკლესიის მღვდელმსახურის მიერ წირვის ჩატარებას
საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ 13 იანვარს გამოქვეყნებულ წერილში, რომლის ადრესატიც რუსეთის საპატრიარქოა, დაგმო ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის ეკლესიის მღვდელმსახურის მიერ საშობაო წირვის ჩატარება.
მიტროპოლიტმა მედიასაშუალებებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ 2021 წლის 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, ცხინვალის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში წირვა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა აღავლინა.
აღნიშნა რა, რომ „ცხინვალი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის კანონიკური ტერიტორია“, მიტროპოლიტმა ხაზი გაუსვა, რომ საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, იქ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე ნებისმიერი რელიგიური მსახურების ჩატარება „მიუღებელია“.
„რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში“, – თქვა მიტროპოლიტმა დაამატა, რომ „მსგავსი გადაცდომები აზიანებს ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის“.
„ვიმედოვნებთ, გამოიკვლევთ ზემოთ აღნიშნულ საკითხს, მიიღებთ მკაცრ ზომებს იმ სასულიერო პირთა მიმართ, რომელთაც ეს არაკანონიკური ქმედება ჩაიდინეს და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება“, – განცხადა მიტროპოლიტმა წერილის დასასრულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)