„ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
„ქართული ოცნების“ მეექვსე ყრილობამ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, 42 წლის ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია.
პარტიის ყრილობას, რომელიც „ექსპო ჯორჯიის“ საგამოფენო დარბაზში გაიმართა, კოვიდ-19-ის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო მხოლოდ 400-მდე დელეგატი ესწრებოდა. ირაკლი კობახიძემ ამ თანამდებობაზე პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც პოსტის დატოვებისა და პოლიტიკიდან „საბოლოოდ“ წასვლისა და „კერძო ცხოვრების წესს“ დაბრუნების შესახებ 11 იანვარს განაცხადა.
- ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის
- ბიძინა ივანიშილი პოლიტიკიდან „საბოლოოდ“ მიდის
პოსტზე ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ, პარტიის წევრებს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ დაახლოებით 4 წუთიანი სიტყვით მიმართა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისათვის მადლობის გადახდით დაიწყო.
კობახიძემ ხაზი გაუსვა ივანიშვილის წვლილს 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის „სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმის“ დამარცხებასა და „ახალი დემოკრატიული წესრიგის“ დამყარებაში. „დღემდე ის [ბიძინა ივანიშვილი] იყო თავისუფლების, მშვიდობის და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ქართული ოცნება სამ მთავარ რამეში გამოიხატება. „პირველი, ეს არის ერთიანი საქართველო – ერთიანი ფიზიკურად და სულიერად. ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი [ცხინვალის რეგიონი], აფხაზებითა და ოსებით. სულიერად ერთიანი საქართველო , სადაც ადამიანებს არ ჰყოფს სიძულვილი, არამედ ერთმანეთის სიყვარული აერთიანებს“, – თქვა ოცნების თავმჯდომარემ.
მისი თქმით, მეორე რამ კეთილდღეობის ევროპული დონის მქონე საქართველოა, „ძლიერი ქალაქებითა და სოფლებით, ძლიერი და წელში გამართული ოჯახებით – საქართველო, სადაც ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობს სიღარიბეში“.
კობახიძის თქმით, ქართული ოცნების მესამე გამოხატულება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა.
ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პარტიის განახლებული პოლიტიკური საბჭოს გუნდიც გამოაცხადა. პარტიის მმართველი ორგანოს განახლებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
- კახა კალაძე – გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი;
- ვასილ მაღლაფერიძე – პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი დირექტორი;
- გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი;
- არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე;
- მაია ცქიტიშვილი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
- გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი;
- ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის მინისტრი;
- თეა წულუკიანი – პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე
- მამუკა მდინარაძე- ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე;
- კახა კუჭავა – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
- ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;
- ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი;
- ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა მინისტრი;
- მაკა ბოჭორიშვილი – პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
- შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
- მარიამ ქვრივიშვილი – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
- ნიკოლოზ სამხარაძე – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
- სოზარ სუბარი – პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე;
- დიმიტრი სამხარაძე – პარტიის რეგიონული მდივანი, პარლამენტის წევრი;
- თორნიკე რიჟვაძე – აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე.
პოსტზე არჩევა ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს თანაგუნდელებმა მიულოცეს და ბიძინა ივანიშვილს „პარტიის მშენებლობის საერთო წარმატების საქმეში“ ჩადებული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადეს.
„თუკი იმ არაჩვეულებრივი გუნდიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა, ვინმეს ხელეწიფება საუკეთესო ინტერესების დაცვით უხელმძღვანელოს ჩვენს პარტიას, ეს ირაკლი კობახიძეა“, – თქვა პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა დაამატა:„დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი [კობახიძე] სრულად გაამართლებს როგორც ჩვენს, ისე, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობის, ჩვენი მხარდამჭერების იმედებს“.
„მას [ირაკლი კობახიძეს] აქვს ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა გუნდისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდის მხარდაჭერით თავს გაართმევს ამოცანებს, რომლებიც ჩვენი პარტიის, როგორც მმართველი პარტიის წინაშე დგას“, – განუცხადა პრესას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
ქართული ოცნების ყრილობა დღეს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე წარიმართა. ისინი დღეს „ექსპო ჯორჯასთან“ ყრილობის დაწყებამდე მივიდნენ, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ე.წ. „სირცხვილის კორიდორები“ მოუწყვეს და ქართული ოცნების მიერ „მოპარული“ არჩევნები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
დღევანდელ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობისთვის სულ 9 პირი დააკავეს. მოგვიანებით, ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)