სოლიდარული საქართველო: არმიის მხარდაჭერა

რუსეთის იმპერიაში რეალური თვითმმართველობისა და ნაციონალური ინსტიტუტების არარსებობის პირობებში ქართული საზოგადოება არსებული გამოწვევების დაძლევას ძირითადად თვითორგანიზებითა და  სოლიდარობის კამპანიებით ცდილობდა.

დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე საქართველოს  რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა უხდებოდა. 1918-1921 წლების საქართველოსთვის ჩვეული ამბავი იყო მოქალაქეთა გაერთიანება რესპუბლიკის დამცველ მებრძოლთა დასახმარებლად, 1918 წლიდან იმართებოდა ფრონტის დღეები, მოქალაქეები აგროვებდნენ ფულს, სურსათ-სანოვაგეს, პაპიროსს, თბილ ტანსაცმელს, საცვლებს და სხვა გამოსადეგ ნივთებს ფრონტზე მყოფი გვარდიელებისა და ჯარისკაცებისათვის.

ფრონტზე მყოფ მებრძოლთა დასახმარებლად ერთიანდებოდნენ რესპუბლიკაში მცხოვრები ქალები. გაზეთი „ერთობა“ წერდა – „სამტრედიის ქართველ ქალთა ორგანიზაციის გამგეობამ სამი დღით, 1-4 ივნისამდე ქართველ მეომართა სასარგებლოდ გამართა „ფინჯანი ჩაი“ ქალაქის რკინის გზის საკრებულოს დარბაზში… 5 445 მანეთი და 46 კაპეიკი  გაეგზავნა სამხედრო სამინისტროს“.    

მოქალაქეები საჩუქრებს უგზავნიდნენ ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებს, მათ შორის წიგნებსაც, რათა მათთვის მცირე ბიბლიოთეკა მოეწყოთ შესვენების დროს განსატვირთად.

ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად ფინანსებს აგროვებდნენ პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი გაერთიანებები. ხშირად სახელმწიფო თეატრში (დღევანდელ რუსთაველის თეატრში) ალექსანდრე წუწუნავა მართავდა ღონისძიებებს ფრონტზე მყოფ მებრძოლთა დასახმარებლად.

1918 წლიდან არსებობდა ფრონტის დამხმარე კომიტეტი, რომელიც სახელოვნებო საღამოებს აწყობდა ფონდის გასაძლიერებლად და ჯარისკაცთათვის საჭირო ნივთების შესაგროვებლად  – „საქართველოს მეომართა დამხმარე კომიტეტი შაბათს, დეკემბრის 28-ს აწყობს მეომართა დღეს. ქალაქის ყოველ უბანში ჩამოივლის საგანგებოდ მოწყობილი ავტომობილები, შეაგროვებენ ყოველგვარ შემოწირულობას – ფულს, საპონს წუმწუმას, პაპიროსს, პაპიროსის ქაღალდს, თამბაქოს, ძაფს, სხვა და სხვა სასმელს, ხმელ ხილს და სხვა“.

იშვიათი არ იყო, რესპუბლიკის მოქალაქეებს ანდერძით ფული შეეწირათ ქართული ჯარისთვის. „სახალხო საქმე“ მკითხველს აცნობებდა – „ქ. ბორჯომიდან მივიღეთ გარდაცვალებული სალომე პეტრეს ასულ ვარდანოვის ანდერძით შემოწირული მისი სულის მოსახსენებლად 400 მანეთი საქართველოს ჯარის დასახმარებლად“.

1918 წელსვე შეიქმნა თავდაცვის ფონდი (დამოუკიდებლობის ფონდი) რომელსაც ფულსა და ნივთებს სწირავდნენ რიგითი მოქალაქეები. გაზეთების ფურცლებზე ყოველდღიურად ქვეყნდებოდა ცნობები იმ მოქალაქეთა შესახებ, რომლებიც თავდაცვის ფონდს ფულს უგზავნიდნენ – „თავდაცვის ფონდისთვის რედაქციამ მიიღო ათ-ათი მანეთი – სიკო მონასელიძისაგან, გაბო აბულაძისაგან, გუცა ბახუტაშვილისაგან, ვანო შენგელიასაგან, ნესტორ ლომიძისაგან, არჩილ კერესელიძისაგან და სოსო ივანიაშვილისაგან. 30 მანეთი – ივანე ვლ. ლომთათიძისაგან“.

საზოგადოებრივი გაერთიანებები წელიწადში რამდენიმეჯერ მართავდნენ „ფრონტის დღეს“ – ყულაბებით დადიოდნენ ქუჩებში, კლუბებში წარმოდგენებზე აგროვებდნენ თანხასა და სხვადასხვა საჭირო ნივთს ფრონტზე გასაგზავნად. თავდაცვის ფონდის მიერ შეგროვებული თანხები ხმარდებოდა დაღუპულთა ოჯახებსაც.

მოქალაქეები სოლიდარობას იჩენდნენ ფრონტზე დაღუპულ ჯარისკაცთა და გვარდიელთა ოჯახებისადმი, განსაკუთრებით კი – მათი არასრულწლოვანი შვილებისადმი. გაზეთი „ერთობა“ იტყობინებოდა: „იმ სახალხო გვარდიელთა შვილების სკოლებში აღსაზრდელად, რომლებიც ომში დაიღუპნენ, მე-4 გიმნაზიის დირექტორმა მ. ზაალიშვილმა შესწირა 1000 მანეთი და საკუთარი წიგნის „ანატომია და ფიზიოლოგია“-ს შემოსავალი“.

ტრადიციულად, ფული და სურსათი გროვდებოდა ყოველ წელს (1918, 1919 და 1920 წლებში) სახალხო გვარდიის დღესასწაულის აღნიშვნისას, 12 დეკემბერს.  მოქალაქეები, რომლებიც ესწრებოდნენ გვარდიის დღესასწაულს რესპუბლიკის დაბებსა და ქალაქებში, უხვად სწირავდნენ გვარდიის სასარგებლოდ –  პრესის ცნობით, 1918 წლის 12 დეკემბერს გამართული სახალხო გვარდიის დღესასწაულზე შემოწირულობებითა და სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებით წმინდა მოგების სახით შეგროვდა 172 ათას მანეთზე მეტი, რომელიც გვარდიელებსა და მათ ოჯახებს მოხმარდებოდა.

 მოქალაქეები ეხმარებოდნენ თავდაცვითი ბრძოლების დროს ფრონტისპირა მხარეებში მცხოვრებ ომისაგან დაზარალებულ თანამოქალაქეებს, დევნილებს. 1919 წლის გაზაფხულზე მოქალაქეებმა სოლიდარობის კამპანია წამოიწყეს ომისაგან დაზარალებული ახალციხის მაზრის მცხოვრებთა დასახმარებლად. სოლიდარობის კამპანიაში მცირეწლოვანი, 9-10 წლის ბავშვებიც კი მონაწილეობდნენ,  „სახალხო საქმის“ ფურცლებზე გამოქვეყნდა ამგვარი მიმართვა – „ბატონო რედაქტორო! ჩვენ პატარა 9-10 წლის მესხებმა უფრო კარგად ვიცით და ვხედავთ ჩვენი მოძმე მესხ-ჯავახელების გასაჭირს, ამიტომ მშობლებმა რომ აღდგომის დღეს 10 მანეთით დაგვასაჩუქრეს, ამ ფულს ერთიან გიგზავნით თქვენ და გთხოვთ გადასცეთ იმ კომიტეტს, რომელიც დახმარებას უწევს მესხეთ-ჯავახეთს. ჩვენი პატარა ძმის, რაფუშას სურვილით, რომელმაც ჯერ კიდევ წერა კითხვა არ იცის და რომელმაც საჩუქრად მიიღო სამი მანეთი, ამ ფულსაც გიგზავნით იმავე მიზნით. კოწია და მარგო დიდიმაშვილები, ქ. ახალციხე“. 

1919 წელს ქართული ჯარის დასახმარებლად შემოწირულობებს აგროვებდნენ სკოლის მოსწავლეები -„ქართველი ჯარის სასარგებლოდ შეგროვებული ტფილისის მეშვიდე გიმნაზიის მოწაფის, ივანე ჩაჩანიძის მიერ.  სულ 202 მანეთი“. ჯარის დასახმარებლად ათობით ათას მანეთს აგროვებდნენ რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებების რიგითი, ისედაც მცირე გასამრჯელოზე მომუშავე მოხელეები.

რესპუბლიკის მებრძოლთა დასახმარებლად კომიტეტები იქმნებოდა სასოფლო თემებში, პრესის ცნობით, „ომის საჭიროებისათვის ფასანაურის სოფლის საზოგადოებამ მთავრობას შემოსწირა 7 631 მანეთი და 50 კაპეკი“. თავდაცვის საქმეს ფულს სწირავდნენ ქართველი ვაჭრები – „ველისციხის ვაჭრებმა, ძმებმა – სპირიდონ და ზაქარია მამისაშვილებმა ომის საჭიროებისათვის შესწირეს 10 000 მანეთი, რომელიც შეტანილია სამეურნეო ბანკში“. მებრძოლთა დასახმარებლად შემოწირულობები გროვდებოდა ეკლესიებში მრევლს შორისაც, გაზეთი „სახალხო საქმე“ ამგვარ შემთხვევის შესახებ იტყობინებოდა –  „სამხედრო მინისტრმა მიიღო ტფილისის დიდუბის ხვთის-მშობლის ეკლესიის სამრევლო საბჭოდან 6 000 მანეთი ომის გამო გამოწვეული ხარჯების დასაფარად“.

1920 წლის ბოლოდან  განსაკუთრებით გააქტიურდა მუშაობა დამოუკიდებლობის ფონდის (თავდაცვის ფონდის) გასაძლიერებლად. ფონდის მართვაზე პასუხისმგებლობა დამფუძნებელმა კრებამ აიღო და მოქალაქეებს მოუწოდა, აქტიურად შეეწირათ თანხა რესპუბლიკის თავდაცვისათვის. დამფუძნებელი კრების მოწოდებას ათასობით მოქალაქე გამოეხმაურა. „სახალხო საქმე“ იტყობინებოდა: „როგორც ვიცით, დამფუძნებელმა კრებამ დაადგინა დამოუკიდებლობის ფონდის შესაქმნელად გამოცხადდეს საყოველთაო ხელის მოწერა. ამ ფონდის გასაძლიერებლად ბათომის მოქალაქემ და საზოგადო მოღვაწემ, მდოიანცმა დამფუძნებელ კრებას გამოუგზავნა 10 000 მანეთი და სალამის დეპეშა“.

რესპუბლიკის თავდაცვის გასაძლიერებლად მოქალაქეები ერთიანდებოდნენ ქორწილებში და აგროვებდნენ  თანხებს: „ბ-ნო რედაქტორო! ნება მიბოძეთ თქვენი გაზეთის საშუალებით ფრონტის დამხმარე კომიტეტს გადავსცე 1500 მანეთი, შეგროვილი ამას წინად არშაკ ჩოფურაშვილის ქორწილში. ეს ფული უნდა მოხმარდეს უკანასკნელ ომში დახოცილ-დასახიჩრებულთა ოჯახებს. აგრედვე მადლობას უძღვნი შემომწირველებს – ვარლამ თოფურიძე“.

თავდაცვითი ფრონტის გასაძლიერებლად ერთიანდებოდნენ რესპუბლიკის აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეები: „ფრონტის დამხმარე მთავარი კომიტეტის ფულითა და ნივთებით შემოწირულობათა ანგარიში: თათრული [აზერბაიჯანელთა] ნაციონალური საბჭოსაგან შეკრებილი 4 390 მ., მაშად ალექსპერ მამედოღლისაგან 500 მ.“.  „მოქალაქე რედაქტორო! გაახლებთ ფრონტის სასარგებლოდ 12 დეკემბერს მიკიჩ გეოურქის ძე ტერ-პოღოსოვის ოჯახში თავის ცოლის დის ქორწილის ღამეს შეკრებილ ცამეტ ათას ორას მანეთს (13,200 მ.)“. თავდაცვის ფონდის გასაძლიერებლად შემოწირულობებს აგროვებდნენ ნათლობებშიც. პრესის ფურცლებზე მოქალაქეები წერდნენ: „მოქალაქე შაქრო გოხელაშვილის ბავშვის, ოთარის ნათლობაზე მყოფთა შორის მოგროვდა 200 მანეთი.  გაახლებთ რა, გთხოვთ გადასცეთ თავგანწირულ მებრძოლთა სასარგებლოთ“. მოქალაქეები ფულს აგროვებდნენ გასვენების დროს, ხშირად საფლავზე მისატანი გვირგვინის ნაცვლად 100-200 მანეთს სწირავდნენ თავდაცვის ფონდს.

რესპუბლიკის თავდაცვის ფონდის სასარგებლოდ რესპუბლიკის მდიდარი მოქალაქეები ხანდახან მილიონობით მანეთსაც კი გაიღებდნენ. პრესაში გამოქვეყნდა ცნობა რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს ყოფილი წევრის, სოციალისტ-რევოლუციონერის, ცნობილი მეცენატის, ივანე ვარაზაშვილის შემოწირულობის შესახებ: „უხვი შემოწირულობა. მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებაში ქვეყნის თავდაცვისათვის მოქალაქე ივანე ვარაზაშვილისაგან 1 015 00 მანეთი შევიდა“. თავდაცვის ფონდს მილიონობით მანეთის დახმარება გაუწია აკაკი ხოშტარიამაც. 

1921 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთის არმიამ შემოუტია საქართველოს, დედაქალაქის თვითმმართველობა ქალაქში აგროვებდა ფულს თავდაცვის ფონდისთვის. მოქალაქეები ძვირფას ნივთებს და დიდ თანხებს წირავდნენ თავდაცვის ფონდს. 

1921 წლის თებერვალში მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრებმა, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძემ  ძვირფასი ნივთები შესწირეს თავდაცვის ფონდს. 1921 წლის იანვარში ამავე ფონდს ოქროს ძეწკვი შესწირა იმჟამად საქართველოში ვიზიტად მყოფმა ცნობილმა გერმანელმა სოციალისტმა, თეორეტიკოსმა კარლ კაუცკიმ.

საბოლოო ჯამში, 1918-1921 წლებში მოქალაქეებმა  მილიონობით მანეთი შეაგროვეს თავდაცვის ფონდის გასაძლიერებლად. ისედაც მძიმე სოციალურ ყოფაში მყოფი მოქალაქეების მხრიდან ამგვარი სოლიდარობის გამოვლინება ერთგვარად მოულოდნელიც იყო.


სოლიდარობისა და მატერიალური ურთიერთდახმარების სხვა უამრავ მაგალითს დაინტერესებული მკითხველი გაეცნობა წიგნში, „ინიციატივა ცვლილებისათვის –  საზოგადოებრივი ურთიერთდახმარებისა და სოლიდარობის მაგალითები საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე“, რომელსაც 2021-ში გამოსცემს სათემო განვითარების ცენტრი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

იმავე ცენტრმა 2015-2016 ორი ნაწილისაგან შემდგარი წიგნი „ინიციატივა ცვლილებებისათვის – თემის თვითორგანიზების და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე“ გამოსცა, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით, რომელშიც ბევრად მეტს გაიგებთ მაშინდელი სოლიდარობის შესახებ.