საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპანეთში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ესპანეთში 17-20 იანვრის სამუშაო ვიზიტი დაასრულა, სადაც იგი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიას დაესწრო, რომელმაც ზურაბ პოლოლიკაშვილი თავის ხელმძღვანელად ხელმეორედ აირჩია.
მადრიდში ვიზიტის დროს, ზალკალიანმა შეხვედრები გამართა თავის კოლეგასთან, საგარეო, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრთან, არანჩა გონზალეს ლაიასთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან ფერნანდო გრანდე-მარლასკასთან, ასევე მას ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა ესპანეთის მეფე ფილიპე მეექვსესთან და პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 იანვარს გამართული შეხვედრის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შოროს ბოლო პერიოდში არსებული თანამშრომლობის მაღალ დინამიკას“, ხოლო ზალკალიანის ვიზიტს ესპანეთში „მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების“ დასტური უწოდეს.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ ზალკალიანთან შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროები, ასევე კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლის საკითხი განიხილეს.
Had an excellent meeting with my colleague @AranchaGlezLaya in Madrid.🇬🇪&🇪🇸expanding its bilateral ties even in these challenging time. We discussed opportunities to further enhance cooperation in various areas, also expressed readiness for joint actions against #COVID19 pic.twitter.com/kunp2mxfbP
— David Zalkaliani (@DZalkaliani) January 18, 2021
საქართველოს საგარეო უწყება არანჩა გონზალეს ლაიას სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და მცირე და საშუალო ბიზნესები ორმხრივი ურთიერთობების მთავარი საკითხებია.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საჭიროებას, რაც „განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს გლობალური პანდემიის ფონზე ეკონომიკის სტიმულირების თვალსაზრისით“.
სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღინიშნა ესპანეთის „მტკიცე მხარდაჭერა“ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხოლო ზალკალიანმა კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მომზადების თაობაზე.
იმავე დღეს ზალკალიანი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე-მარლასკას შეხვდა, სადაც მხარეებმა „მიმოიხილეს უვიზო რეჟიმის წესების დაცვის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები, მათ შორის მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილება 2021 წლის 1 იანვრიდან ე.წ. გასვლის კონტროლის ამოქმედების შესახებ“.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ საქართველოსა და ესპანეთს შორის რეადმისიის შეთანხმების გაფორმებას. ამას გარდა, განიხილეს შესაძლებლობა ესპანეთში ქართული მართვის მოწმობების აღიარების თაობაზე.
ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, რომელიც სანიტარული კრიზისის მართვის მიზნით შექმნილ საგანგებო საკოორდინაციო საბჭოსაც ხელმძღვანელობს, ზალკალიანმა საქართველოს ვაქცინაციის გეგმაზე და ვაქცინების მოპოვების კუთხით საქართველოს მიერ წარმოებულ სამუშაოებზეც ისაუბრა.
Had an honor 2 meet W His Royal Majesty Felipe VI, King of Spain. Had an exchange regarding a number of major developments across t/ 🌍, as well as successful cooperation btw 🇬🇪 & 🇪🇸. pic.twitter.com/3ZCcbhHmHB
— David Zalkaliani (@DZalkaliani) January 19, 2021
19 იანვარს, ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ესპანეთის მეფის მიერ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელთა საპატივცემულოდ გამართულ მიღებაში, რა დროსაც ფილიპე მეექვსეს შეხვდა.
მიღების დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანეთის მეფეს გაესაუბრა, რომელიც დაინტერესდა „რეგიონსა და საქართველოში არსებული ვითარებით“. ზალკალიანმა მას მიაწოდა ინფორმაცია არსებულ გეოპოლიტიკურ სურათსა და უსაფრთხოების გარემოზე და მადლობა გადაუხადა მეფეს ესპანეთის მხრიდან „საქართველოს უპირობო და მტკიცე მხარდაჭერისთვის“.
იმავე დღეს ზალკალიანი მცირე დროით ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესსაც შეხვდა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე დაწერა, რომ მან პრემიერ-მინისტრს საქართველოს მთავრობის სურვილი გადასცა, რომ მას საქართველოში უმასპინძლოს, „როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება“.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ესპანეთისგან უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა
- შინაგან საქმეთა მინისტრი ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის უფროსს შეხვდა
- მადრიდში საქართველოს და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)