სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები აფასებენ

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 21 იანვარს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე, ასევე პროცედურული თვალსაზრისით მე-2 მუხლის დარღვევაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მან ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

„სამოქალაქო საქართველო“ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებებს გთავაზობთ:

მმართველი გუნდი

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტი: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს სწორედ სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ისტორიულია და შემთხვევითი არაფერია. ეს ხდება ჩვენი ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, 30 წლის მერე, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და 2008 წლის ომის შემდეგ 12 წელი გავიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ისტორიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაშიც ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული, სახლემწიფო არის აღიარებული როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და ჩვენი მომავლისთვის, იმიტომ რომ ეს არის ის საყრდენი, რაზეც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება“.

გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო გამარჯვებაა!“

არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე: „საქართველომ ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა! სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა მრავალწლიანი სახელმწიფოთაშორისი დავა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე, რომლითაც უტყუარად დადასტურდა, რომ 2008 წელს საქართველო და მისი მოსახლეობა იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი… სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, თითოეულ ჩვენგანში კიდევ უფრო განამტკიცა სამართლიანობის აღდგენის რწმენა. ეს არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პირველი სამართლებრივი შეფასება საერთაშორისო სასამართლოების მიერ და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სამართლიანობის აღდგენის გზაზე. სასამართლოში საქართველო ამტკიცებდა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთმა უხეშად დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი, მათ შორის: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; საკუთრების უფლება; მიმოსვლის თავისუფლება და სხვა… საქართველო აგრძელებს სამართლებრივ და მშვიდობიან გზას ოკუპაციის დასრულების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ!“

გოჩა ლორთქიფანიძე – იუსტიციის მინისტრი: „სტრასბურგის სასამართლოში ომის საქმეზე ბოლო მოსმენისას ჩვენ შეგპირდით, რომ ეს იქნებოდა ბრძოლა სიმართლისა და სამართლიანობისათვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნებოდა. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ეს დაპირება არის შესრულებული და საქართველომ გაიმარჯვა 12 წლიან სახელმწიფოთაშორისო დავაში „საქართველო რუსეთის წინაარმდეგ“. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი. ეს გადაწყვეტილება  სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო, რომელიც არ საჩივრდება, 17 მოსამართლის შემადგენლობით და დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს და აქედან გამომდინარე მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისთვის. შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ეს არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორიციელა ქართველების ეთნიკური წმენდა“.

დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი: „ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე არის საქართველოს სახელმწიფოს უპრეცენდენტო საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც ცალსახად, სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა, რომელმაც იურიდიულად დაადასტურა რუსეთის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, კერძოდ: მიღებული გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად გამოკვეთა: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეფექტური კონტროლი, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები, რუსეთის პასუხისმგებლობა ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფაში; ასევე ის ფაქტი, რომ 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობდა რუსეთსა და საქართველოს შორის. დარწმუნებულნი ვართ, აღნიშნული უპრეცენდენტო გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვისთვის ჩვენი ქვეყნის შემდგომი სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის წარმატების სერიოზულ საფუძველს შექმნის“.

ოპოზიციის შეფასება

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი: „ეს არის გამარჯვება საქართველოსთვის, ისტორიული სიმართლის დადგენისთვის, რომ საქართველო იყო მართალი და არის ცამდე მართალი და არის აგრესიის მსხვერპლი. მიუხედავად ივანიშვილის მთელი მცდელობებისა და მისი პატრონების მოსკოვიდან, რომ საქართველო გამოეყვანათ ომის დამწყებად, ოკუპანდატ, დამნაშავედ, ეს ჩაუფლავდათ… ეს არის მეორე გამარჯვება ჩვენი მთავრობის, პირველი, შუალედური,  ჩვენ მოვიპოვეთ ჰააგაში საერთაშორისო სასამართლოში… ჩვენ გვაქვს წინ დიდი ბრძოლები, მაგრამ საბოლოო ჯამში, დამთავრდება საქართველოს დეოკუპაციით და საქართველოს გამთლიანებით“.

ოთარ კახიძე – ევროპული საქართველო: „რუსეთი, რომელიც საერთაშორისო დოკუმენტებით აღიარებული არის როგორც ოკუპანტი და ასე აღიქვამს მას დასავლეთი, უკვე სამართლებრივად გამტყუნდება და მას ექნება სამართლებრივი პრობლემები. სასამართლოს გადაწყვეტილებით გამყარდება უკვე საქართველოს არგუმენტები, რომ თუ ის არის ოკუპანტი, თუ მან ხელი შეუწყო ან თავად განახორციელა ეთნიკური წმენდა, ეს არის იმგვარი ტიპის მოქმედებები, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს და ამ ძალისხმევაში საქართველო  არ იქნება მარტო, არამედ იქნება დასავლელ პარტნიორებთან ერთად და აღჭურვილი ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ძალის მქონე გადაწყვეტილებით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)