მთავრობამ შეზღუდვათა ნაწილის მოხსნისა და გახანგრძლივების გეგმა წარადგინა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა 22 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის მასშტაბით მოქმედი შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქებისა და გახანგრძლივების გეგმა წარადგინა. შეზღუდვების შემსუბუქება მხოლოდ კვირის სამუშაო დღეებს შეეხება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა და სკოლებში სასწავლო პროცესი 1 მარტამდე არ აღდგება. აქ 1 თებერვლიდან მუშაობას მხოლოდ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები განაახლებენ.
1 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, სკოლებში სასწავლო პროცესი, ასევე მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა განახლდება – ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში.
1 თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეებიც გაიხსნება. ყველა სხვა რეგიონში კი – რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროები მუშაობას კვლავ მიტანა-გატანის სერვისით გააგრძელებენ.
ყველა დიდ ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება.
1 მარტამდე აკრძალული რჩება 21:00-05:00 საათებში გადაადგილება და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. 1 მარტიდან აღდგება პირისპირ სწავლების პროცესი ბაღებში, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებშიც.
მაია ცქიტიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობამ თითოეული დარგისთვის ტესტირების პროტოკოლი შეიმუშავა. კერძოდ:
- ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტს, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის, ბაზრობებს, ორ კვირაში თანამშრომელთა არანეკლებ 20%-ის ტესტირების ვალდებულება ექნებათ;
- კვების ობიექტბებისთვის ეს მოთხოვნა თანამშრომელთა არანაკლებ 50%-ის ტესტირება იქნება;
- სკოლების გახსნის პარალელურად კი – მასწავლებელების ორ კვირაში ერთხელ ტესტირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
„დღეიდან ბიზნესს ექნება საშუალება დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, 1 მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, პროტოკოლის შესაბამისად გატესტონ თავისი თანამშრომლები“, – თქვა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ქვეყნის მასშტაბით, ორთვიანი მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბერს ამოქმედდა. მაშინ, პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში, დაწესებული შეზღუდვები დიდწილად მოიხსნებოდა. თუმცა, ამ მონაკვეთში შეზღუდვები მხოლოდ ნაწილობრივ შემსუბუქდა. პირველადი გეგმით, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება 16 იანვარიდან 31 იანვარის ჩათვლით პერიოდშიც იგეგმებოდა. ბოლოს მთავრობამ ეს პროცესი 1 თებერვლამდე გადაავადა.
22 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) კოვიდ-19-ის 251 974 შემთხვევაა დადასტურებული. ამას გარდა, სამშობლოში სამკურნალოდ ქვეყნის გარეთ დაინფიცირებული 41 მოქალაქეა გადმოყვანილი. 238 737 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 3 022 კი – გარდაიცვალა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)