საერთაშორისო გამოხმაურებები სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე
22 იანვარს საქართველოში აშშ-ის საელჩომ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა და ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ინდივიდუალურად გამოქვეყნებულ განცხადებებში მხარი დაუჭირეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში.
აშშ-ის საელჩოს განცხადებით, „სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები“.
საელჩოს შეფასებით, „განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადაკვეთის შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო „ხელშეკრულებების” დადებით საქართველოს ორ რეგიონთან“.
„ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს და არ აძლევს მათ იმ უფლებებით სარგებლობისა და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და „ქართველების უკანონო დაკავებებზე“, სამხედრო ტყვეების „არაჰუმანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე“, ასევე „სამხრეთ ოსეთში მდებარე საკუთარი სახლებიდან ქართველების გამოძევებაზე“, რუსეთის პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.
„სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა“, – თქვა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა და სასამამართლოს გადაწყვეტილებას „ისტორიული“ უწოდა. მან ასევე გაიმეორა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთმა საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პრინციპები დაარღვია.
ასევე წაიკითხეთ:
- ანატოლი ბიბილოვი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „პოლიტიზებულს“ უწოდებს
- რუსეთის იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
- სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები აფასებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)