დავით ზალკალიანმა სომეხ კოლეგას უმასპინძლა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თავის სომეხ კოლეგას არა აივაზიანს წინანდალში უმასპინძლა. არაოფორმალურ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ „მჭიდრო მეგობრულ“ ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის მინისტრებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და გრძელვადიანი სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ამავე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა საქმეთა მინისტრებმა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს და კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგების ეფექტიანი დაძლევისთვის თანამშრომლობის აუცილებლობა აღნიშნეს.
თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორმა მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოებისა და ურთიერთდაკავშირების საკითხებზე იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს, რომ „მხოლოდ მდგრად მშვიდობას, რომელიც საერთო ინტერესშია, შეუძლია რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და განვითარებისთვის საჭირო რეალური გარანტიები“.
ამავე ინფორმაციით, ორმა მინისტრმა ასევე „ხაზი გაუსვა სომხურ-ქართული მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ყველა საერთო ინტერესის მქონე სფეროში“.
სომხეთის საგარეო უწყებისვე ცნობით, ამ კონტექსტში მხარეება „ეკონომიკური თანამშრომლობისთვის მთავრობათაშორისი კომისიის მუდმივი მუშაობის, როგორც ურთიერთსასარგებლო მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის გაფართოების ძირითადი პლატფორმის მნიშნველობა“ აღნიშნეს.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ორმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი დღის წესრიგის განსახორციელებლად „დეცენტრალიზებული თანამშრომლობის, როგორც მნიშვნელოვანი პერსპექტიული მიმართულების“ ხელშეწყობაზე ისაუბრა.
მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ტელეფონით თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, ჯეიჰუნ ბაირამოვს ესაუბრა.
დავით ზალკალიანმა Twitter-ზე დაწერა, რომ მხარეებმა „რიგი საკითხები“ განიხილეს, მათ შორის, „[საქართველო-აზერბაიჯანის] გრძელვადიანი ურთიერთობებისა [და] სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები“.
„ჩვენ ბოლო დროს რეგიონში არსებულ ვითარებასა და [საქართველო-აზერბაიჯანის] ორმხრივი ინტერესების მქონე სხვა საკითხებზე მოსაზრებები გავცვალეთ“, – დაწერა ასევე Twitter-ზე ბაირამოვმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)