საქართველომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული ანგარიში წარუდგინა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში გამართულ სესიაზე საქართველომ ადამიანის უფლებათა შესახებ ეროვნული ანგარიში წარადგინა, რომელიც ადამიანის უფლებების გაუმჯობესების კუთხით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას ასახავს.
26 იანვრის სესიაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, რომელიც საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ხელისუფლების მთავარ მიღწევებზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან საკონსტიტუციო ცვლილებებზე, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის შექმნაზე, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებაზე, ბავშვის უფლებათა კოდექსისა და შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის მიღებაზე, გენდერული კვოტების შემოღებაზე, ასევე პარლამენტის რეგლამენტის დახვეწასა და სასამართლო სისტემაში გატარებულ რეგორმებზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს მიერ წარდგენილი დოკუმენტის განხილვისა და რეკომენდაციების შემუშავებისთვის სესიაში მონაწილეობა გაეროს წევრი 105 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ყველა რეკომენდაცია საბოლოო დოკუმენტში აისახება, რომელსაც საბჭო 29 იანვარს მიიღებს. ამის შემდეგ, საქართველო ივნისისთვის საკუთარ პოზიციას წარადგენს, თუ რომელ შეთავაზებებს გაიზიარებს.
ჟენევაში აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა, ჩარლზ ბენთლიმ საქართველოს ურჩია გაზარდოს ნდობა საარჩევნო პროცესებისადმი, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების სრული იმპლემენტაციის, საარჩევნო სისტემის რეფორმირების, ასევე ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გზით.
მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანამ უნდა „გააძლიეროს კანონის უზენაესობისადმი პატივისცემა – სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების გზით, რაც ცალკეული მოსამართლეების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებისთვის რეფორმების გატარებით უნდა განხორციელდეს; ასევე მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფების, ე.წ. „კლანის“ არაფორმალური მმართველობის აღკვეთით; სასამართლო სისტემის დეპოლიტიზებით და თანამდებობზე დამსახურების მიხედვით დანიშვნების გზით“.
აშშ-ის წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სანდო გამოძიების ჩატარება 2017 წელს საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებისა და ქვეყნიდან გაყვანის საქმეზე და ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მისცეს.
ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების განხორცილება და დაცვა იყო საქართველოს მიმართ დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის რეკომენდაცია, შვედეთმა კი – ქვეყენას ურჩია გადადგას შემდგომი ნაბიჯები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად მათი დისკრიმინაციის გარეშე. შვედეთმა საქართველოს გაერთიანების თავისუფლების, პროფკავშრებისა და შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფისკენაც მოუწოდა.
რუსეთის წარმომადგენელი ირწმუნებოდა, რომ საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით თავისი ნაკლოვანებებიდან ყურადღების გადატანას ცდილობდა, რისთვისაც ანგარიშში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხები „უკანონოდ“ შეიტანა.
გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ფარგლებში ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესაფასებლად საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველიც იყვნენ ჩართულნი და საერთაშორისო პარტნიორებსა და დიპლომატიური კორპუსუს წარმომადგენლებს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართეს. მათ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის არის – სექსუალური და რეპროდუქციოლი ჯანმრთელობა; სოციალურ-ეკონომიკური უფლებები; ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, პატიმრების, ლგბტ პირთა, ასევე ბავშვთა და ქალთა უფლებები; რელიგიის თავიუსფლება; მიგრანტთა უფლებები და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)