საფრანგეთის კომისარი აბელ შევალიე საქართველოს მოქალაქეებს დე იურედ აღიარებას ულოცავს
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 2 თებერვალი, N24
საქართველოს იურიდიულად აღიარების გამო
საქართველოში მყოფმა საფრანგეთის უმაღლესმა კომისარმა აბელ შევალიემ საქართველოს დეპეშათა სააგენტოს თანამშრომელთან საუბრის დროს განაცხადა შემდეგი:
საფრანგეთის რესპუბლიკის სახელით გულწრფელ მილოცვას მივუძღვნი საქართველოს რესპუბლიკას, მისი აღიარების გამო, რაც – ეს არის მაცნობა მე საქართველოს მთავრობამ . საქართველოს დიდებული და ბრწყინვალე წარსული აქვს, და მე ვუსურვებდი მას, რომ მომავალიც ასეთი ბრწყინვალე ქონდეს. წარსულში საქართველოს არა ერთხელ უხსნია ევროპა, მტრების თავდასხმისაგან. ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ საჭიროების დროს ევროპამაც აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვაში.
საქართველომ ბევრი უბედურება განიცადა. იგი ახლა ხალხთა ოჯახში დიდი ხნის მძიმე ბრძოლის შემდეგ შედის. ეს ბრძოლა მისი საუკეთესო შვილების სისხლით არის შეღებილი. საფრანგეთის რესპუბლიკა სიყვარულით, ეგებება თავის უმცროს დას. იგი შეეცდება ჩამოწმინდოს მას სისხლის წვეთები. ამ ხნიდან საფრანგეთს სურს დაინახოს საქართველოს სახეზე მხოლოდ შრომის ოფლის წვეთები, და მომჭირნეობით თავის მომავლის უზრუნველყოფა და გამაგრება, რითაც იგი (საქართველო) ამავე დროს გაამაგრებს საერთაშორისო მდგომარეობას და ნდობას. მაგრამ ამისთვის უპირველესად ყოვლისა საჭიროა მეგობრებისადმი პატივისცემა და ნდობა. რა სიცრუეც არ უნდა გაავრცელონ მათმა საერთო მტრებმა, საფრანგეთისა და საქართველოს რესპუბლიკები ყოველ მხრით მაინც დემოკრატიულ ქვეყნებს წარმოადგენენ. ორივე წინააღმდეგია მილიტარულ რეაქციისა და ძალადობისა, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი. სწორედ ამიტომ უნდა იცხოვროს ამ რესპუბლიკებმა ურთიერთ სიყვარულით და თანხმობით.
მე ძლიერ მასიამოვნა საქართველოს მოქალაქეთა გუშინდელმა მანიფესტაციამ, რომელმაც განმიცხადა თავისი საფრანგეთისადმი სიყვარული. სამართლიანობა მოითხოვს ვაღიარო, რომ საფრანგეთის მონაწილეობა ამ საქმეში მართლაც დიდია. მე ბედნიერათ ვთვლი ჩემს თავს, რომ მე საშუალება მომეცა შემეწყო ხელი საქართველოს ისტორიულ ფაქტის დაჩქარებისათვის და გამოვთქვამ გულწრფელ სურვილს, რომ ამიერკავკასიის სხვა სახელმწიფოებსაც მოეპოვებიათ მშვიდობიანობა და დამოუკიდებლობა. გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებელ სუვერენულ დემოკრატიულ რესპუბლიკას.